1-09-2021
ჩვენ კარგად ავხსენით, რომ გვაქვს მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებულა, უკვე 10-12 წელზე მეტია; მეორე კვარტალში ჩვენ გვქონდა 29%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთლიანად 7 თვეში ჩვენ გვქონდა 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამან საშუალება მოგვცა, ბიუჯეტში დაახლოებით, 1,2 მილიარდი ლარის დამატებითი შემოსავალი გასჩენოდა სახელმწიფოს ამის შედეგად, ჩვენ მივეცით თავს უფლება იმისა, რომ დაგვეწყო ნელ-ნელა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასულ წელს სახელმწიფომ აიღო 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ვალი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას.
„აქედან გამომდინარე, ეს სესხი, 75 მილიონი ევრო, ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ფინანსური დახმარება, გრანტი და ა.შ., თუმცა ძალიან ბევრი დახმარება მიუღია სახელმწიფოს ევროკავშირისგან, დონორებისგან. ამისთვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ და ყოველთვის ვიქნებით მადლიერი. ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი. ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. ეს ერთი; მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებასა და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. ქართველ ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამას გარდა, ამ სესხმა 75 მილიონმა ევრომ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და პოლიტიკური ინსინუაციების და სპეკულაციების საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ, ძალიან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ჩადიოდნენ ევროკავშირში და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ შორის დამფუძნებლის, ყოფილი თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და ა.შ. ეს ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. ევროპის სახალხო პარტია არის „ნაცმოძრაობის" დედა პარტია, ქოლგა პარტია, რომელიც არის ათი პარტნიორი და ამ გაერთიანების წევრია „ნაცმოძრაობა". ისინი ტრადიციულად არიან სოლიდარული მათ მიმართ, არ აინტერესებთ რეალურად რა ხდება, მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი თუ არა. არ ჩადიან საქმის ვითარებაში, რეალურ არსში არ ერკვევიან და აკეთებენ ასეთ სუბიექტურ, მიკერძოებულ განცხადებებს", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2014 წელს, როდესაც ქვეყანა აქტიურად მუშაობდა უვიზო რეჟიმის მიღებაზე, მაშინ „ნაცმოძრაობის" ლიდერები, დაწყებული სააკაშვილით, ბაქრაძით, კანდელაკით და სხვებით, აქტიურად მუშაობდნენ სწორედ Epp-ის წარმომადგენლების მეშვეობით, რომ საქართველოს და მოქალაქეებს როგორმე არ მიეღოთ უვიზო რეჟიმი.
„ეს არის სწორედ ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური პოლიტიკა. ამას გარდა არაერთი მცდელობა იყო. შემდეგ ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის" წევრების და მათი ამ გაერთიანების, სახალხო პარტიის წევრების ჩართულობით იყო მცდელობა, რომ გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. ეს რომ თავიდან აგვერიდებინა და დაგვესრულებინა ეს სპეკულაციები, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო მიღებული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.