გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ დროინდელი კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა, სამ მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

25-05-2018

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის მაისში, სააპელაციო სასამართლომ ორი მსჯავრდებულის ვასილ კვერნაძის და გურამ მეფარიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად 3 დაზარალებულ მოქალაქეს ანაკლიაში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება.


პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მერი ხუფენია, გელა ხუფენია და გელა კაკალაშვილი კანონიერად ფლობდნენ რამდენიმე ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რაც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა.

2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ. პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა, რის საფუძველზეც 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის კანონიერ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ ამ მოქალაქეებს არ მიუღიათ რაიმე სახის კომპენსაცია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.


მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქალაქე მერი ხუფენიას დაუბრუნდება ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე მთლიანობაში 4777 კვ.მ. ფართობის 2 მიწის ნაკვეთი; მოქალაქე გურამ ხუფენიას ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე დაახლოებით 1 ჰა ფართობის 2 მიწის ნაკვეთი და მოქალაქე გელა კაკალაშვილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში მდებარე 1 ჰა ფართობის 2 მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ხსენებულ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, დაზარალებულად ცნობილ 158 პირს დაუბრუნდა დაახლოებით 45 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობით გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებს, საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულების ვასილ კვერნაძის და გურამ მეფარიშვილის საქმეებზე შემოტანილი საჩივრების საფუძველზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა დამატებითი ექსპერტიზა, გამოირკვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.


ამჟამად გამართლებულ ყოფილ სამართალდამცველს ვასილ კვერნაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, რომლის თანახმადაც მან 2009 წელს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩატარების დროს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ წამოიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი სრულიად ახალი გარემოებები, რომელიც გამორიცხავს ვასილ კვერნაძის ბრალეულობას და დადგინდა გამოძიების მწარმოებელი ორგანოს - შსს იმჟამინდელი გენერალური ინსპექციის ცალკეული თანამშრომლების დაინტერესება მის უკანონოდ მსჯავრდებასთან დაკავშირებით.


რაც შეეხება მოქალაქე გურამ მეფარიშვილს, იგი 2009 წლის 27 თებერვალს სასამართლომ მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ცნო დამნაშავედ, დააკისრა ჯარიმა 5000 ლარი და ამავე განაჩენით ჩამოერთვა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 55 282 კვ.მ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად მოქალაქე გურამ მეფარიშვილმა მიწის ლეგალიზაციის კომისია მოატყუა და დაუმალა ქონებაზე იჯარის ხელშეკრულების არარსებობის ფაქტი, რა გზითაც მან თითქოს შეიმცირა მიწის ნაკვეთის შესაძენად დადგენილი საფასური.


ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრების დაკითხვით დადგინდა, რომ გურამ მეფარიშვილის ქმედებაში მიწის ნაკვეთების შეძენის დროს არ ყოფილა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები და მან კომისიას ყველა ის დოკუმენტი წარუდგინა, რაც კანონით იყო მოთხოვნილი. ასევე, ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ხსენებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირების არალეგიტიმური დაინტერესება, რამაც თავი იჩინა მის მიმართ წარმოებული გამოძიების და სასამართლო პროცესის დროს.

ხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და ორივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო.


დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 58 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 25 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031