გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნების" თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

4-09-2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

 კახა კალაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და  აღნიშნა, რომ როგორც მთელ ქალაქში, მათ შორის ისნის რაიონშიც, მომდევნო ოთხ წელში უამრავი პროექტის განხორციელება იგეგმება.

 „გპირდებით, რომ სიყვარულსა და პატივისცემას, რასაც თქვენგან ვგრძნობთ, შემდეგ ოთხ წელში უკან დაგიბრუნებთ კონკრეტული გაკეთებული პროექტებით. ამით იამაყებს ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი და ჩამოსული სტუმარი. ბევრი სამუშაო იქნა ჩატარებული ბოლო წლებში, რთული გადაწყვეტილებები მივიღეთ, არაპოპულარული ნაბიჯებიც გადავდგით, მაგრამ ეს სჭირდებოდა ჩვენს ქალაქს, მომავალს, შვილებს. შემდეგი ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აღმშენებლობითი - მეტი პროექტით, მწვანე სივრცით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით.

რაც ბოლო ოთხ წელში გავაკეთეთ, ამდენი ერთად არასდროს გაკეთებულა. თუმცა, ცხადია პრობლემები არსებობს, ჩვენი ამის თქმის არ გვეშინია. ყველაფერი ვიცით, რომელ სადარბაზოში რა  არის გასაკეთებელი, რომელ კორპუსს რა სჭირდება, რომელი ქუჩაა შესაკეთებელი და ა.შ. გვაქვს სრული სურათი და უახლოეს მომავალში ყველაფერს მოვაწესრიგებთ", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში  ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების სამუშაოები დაიწყება.

„ქეთევან დედოფლის გამზირი სრულად განახლდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, გარე განათებით, გამწვანებით, პატარა სკვერებით. მართალია, ახლა ეს გამზირი უკვე რეაბილიტირებული უნდა იყოს, მაგრამ არსებულმა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. თანხები, რომელიც ამ პროექტისთვის იყო მობილიზებული,  გადავამისამართეთ სოციალური  მიმართულებით და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პანდემიის პირობებში ჩვენი დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ლეხ კაჩინსკის ქუჩასა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე შედგა. ლეხ კაჩინსკის ქუჩა N13-ში, 500 კვ.მ. ფართობზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების შესაბამისი სამუშაოები.

რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახვევს,  600კვ.მ. ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით, დასასვენებელი სივრცე, ახალი განათების ქსელი თავისი LED სანათებით. ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები, ურნები და ფანჩატური. ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში, ასევე, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031