5-09-2021
ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლებული თაობის, განათლებული ახალგაზრდობის გარეშე მიუღწეველი იქნება და ვერ იქნება განგრძობითი, მდგრადი და სტაბილური განვითარება, რომელზეც ვსაუბრობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ლენტეხის მერობის კანდიდატის, გიორგი ონიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული წინსვლაა და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
„ჩვენ 170 ახალი სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში და 250 სკოლას ჩავუტარეთ თანამედროვე რეაბილიტაცია, ისე, რომ ყველა სკოლა მოვაწყვეთ ევროპული სტანდარტების მიხედვით. ამ სტანდარტების შესაბამისად ვაშენებთ ახალ სკოლებს და 800 სკოლის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს და მათ განათლება მიიღონ თანამედროვე, ევროპული ტიპის სასწავლებლებში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უმაღლეს განათლებას, პროფესიულ განათლებას და ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი გეგმის მიხედვით, შეიქმნება პროფესიული სასწავლებლები, იმისთვის, რომ ადგილზე დაეუფლონ სპეციალობას და პროფესიებს ჩვენი ახალგაზრდები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე დიდი გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვა.
„ჩვენ მანამდე ხელმისაწვდომობა გავაფართოვეთ და გავშალეთ. მანამდე, 8 წლის წინ, მოქალაქეებს უწევდათ საკუთარი სახლის, ბინის, ავტომანქანის გაყიდვა იმისთვის, რომ ჯანმრთელობის ელემენტარული მომსახურება მიეღოთ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ეს მიდგომა შეიცვალა, გამომდინარე ჩვენი ჰუმანური და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკიდან. განვახორციელეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც უფასო მკურნალობას სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას და ათასობით მოქალაქე გადავარჩინეთ თუნდაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. მოგეხსენებათ, აშშ-ის ერთ-ერთი ძლიერი კომპანიის, „გილეადის" დახმარებით, საქართველომ მიიღო რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ძალიან ძვირადღირებული პრეპარატი, რომელიც შემდეგ ჩვენს მოსახლეობას დავურიგეთ, ვუმკურნალეთ და ათასობით ადამიანი განვკურნეთ C ჰეპატიტისგან. ეს რამდენიმეა იმ დიდი ნუსხიდან, რაც ჩვენ ბოლო 8 წლის განმავლობაში განვახორციელეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.