6-09-2021
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ინიციატივით, ნარკოტესტი გაიარა.
„სუფთა ვარ ყველანაირად. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, ანალოგიურად, ჩაიტაროს ტესტირება და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. მინდა მივმართო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება, ეს შედეგები გაასაჯაროონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის მოთხოვნით, მას სტანდარტული, 5-კომპონენტიანი ნარკოტესტის ნაცვლად, 8-კომპონენტიანი კვლევა ჩაუტარდა.
„სახელმწიფო სამსახურში მისაღებ კანდიდატებს ევალება არანაკლებ 5 ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირების ჩატარება. ესენია: მორფინის ჯგუფი, მარიხუანა, ამფეტამინი, მეთადონი და ბუპრენორფინი. ამ ხუთ ჯგუფს კახა კალაძის ინიციატივით დაემატა სამი ჯგუფი: კოკაინი, მეტამფეტამინი და ე.წ. ექსტაზი ანუ MDMA. რვავე ნივთიერებაზე ამ კანდიდატის შემოწმებისას მიღებულია უარყოფითი შედეგი ანუ სუფთა აღმოჩნდა", - განაცხადა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა გური მენაბდიშვილმა.
მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ კახა კალაძემ 2 დღის წინ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის.