გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: პარასპორტსმენებისადმი მხარდაჭერა ყველა კატეგორიის შშმ პირთა მხარდაჭერას ნიშნავს

7-09-2021

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ტოკიოში ახლახან დასრულებულ  პარალიმპიურ თამაშებს გამოეხმაურა, რომლებშიც საქართველოდან ცამეტი პარასპორტსმენიც მონაწილეობდა და ჩვენს სპორტსმენებს პარლამენტის სახელით წარმატებები მიულოცა.

„პარასპორტსმენებს ორმაგი უმაღლესი მისია აქვს - ერთი იბრძოლონ შედეგებისთვის თავისი ქვეყნისთვის და მეორე - შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და სტიგმები შშმ ადამიანების მიმართ, ამიტომ მათი მხარდაჭერა ყველა კატეგორიის შშმ პირთა მხარდაჭერას ნიშნავს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, პარალიმპიადამდე მათ ძალიან რთული გზის გავლა მოუწიათ: „მაგრამ ისინი არ კარგავდნენ მოტივაციას, ემზადებოდნენ უმაღლესი მიღწევებისთვის. მათ გამოსვლასა და წარმატებაში მინდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა და მაგალითი დგას. ამიტომ მე უფრო ამაყი ვარ ნინა თიბილაშვილის წარმატების ისტორიით, რომელიც არის პირველი ქართველი პარასპორტსმენი ქალი, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მიღება შეძლო. ინა ქალდანით, რომელსაც მოუხდა ტატამის დატოვება ცოტა ხნის წინ, ვინაიდან დედა გახდა, მაგრამ დაბრუნდა და  ვერცხლის მედლის აღება შეძლო", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

რატი იონათამიშვილის შეფასებით, შშმ პირებისათვის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

„პარალიმპიური თამაშები ნამდვილად არის  ცვლილებების ყველაზე მაშტაბური და საუკეთესო პლატფორმა, მაგრამ მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გასამართი ფორუმი არ არის საკმარისი. ეს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სწორედ პარლამენტი არის ის ადგილი სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ბოლო ერთი წელში ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, შევიმუშავეთ მისაწვდომობის ახალი ეროვნული სტანდარტები, მოვახდინეთ გაეროს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, გავუთანაბრეთ პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს და პარალიმპიური სპორტსმენების დაფინანსება 2013 წლის შემდეგ 107-ჯერ გავზარდეთ. ამან ყველაფერმა მოიტანა ის წარმატება რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ვართ მაქსიმალისტები და დღეს თითოეულ თქვენგანს მსურს მოვუწოდო რომ განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა ვიმუშაოთ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე, ვინაიდან ყველაზე სწრაფი გზა განსაკუთრებით შშმ პირებისათვის ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის მათ საჭიროებებზე და ინტერესებზე დაგეგმარებასთან მოდის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930