7-09-2021
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვას დაეთმო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებული კანონპროექტის მე-11 და მე-12 პუნქტები გააცნო, რომლებიც გარდამავალ დებულებაში აისახება და რომლის მიხედვითაც, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობას, შვიდიდან ოთხამდე მცირდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ანულირებულია, ასევე გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, თუმცა მისივე განმარტებით, რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა.
საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განხილვის პროცესი დეპუტატების გამოსვლებით გაგრძელდა. პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს და მოსაზრებები გამოთქვეს.
საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა წარმოდგენილ საკონსტიტუციო კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.