26-05-2018
ჰაკერულ თავდასხმაში რომელიც თავისი მასშტაბით ეფბიაის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება მთავარი გმირი ქართველია. 400 000 მილიონიან კიბერ ძარცვაში ფაქტები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა.
აშშ–ის მოთხოვნის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება 2 მოქალაქის ექსტრადირებას დათანხმდა. მათ ბანკ JP Morgan Chase-ის სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმაში ედებათ ბრალი, რომელიც თავისი მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია ისტორიაში.
ონლაინ გამოცემა timesofisrael.com-ის ცნობით 32 წლის გერი შელონი და 41 წლის ზივ ორენშენი 2015 წლის ივლისში დააკავეს. მათ ექსტრადიციას აშშ ითხოვდა. ექსტადიციაზე თანხმობა თავად პატიმრებმაც განაცხადეს. მათ ჩადენილი დანაშაულიც აღიარეს.
გერი შელონი წარმოშობით საქართველოდანაა და მისი გვარი შალელიშვილია. ის საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, შოთა შალელიშვილის შვილია. მას 14 წელი რომ შეუსრულდა, ისრაელში გადასახლდა. თანხას, რომელსაც გერი თანამზრახველთან ერთად 2013-2015 წლებში დაეუფლა, ცხრანიშნა რიცხვით გამოისახება, უფრო კონკრეტულად კი $403 მლნ-ს შეადგენს.
კოლოსალური თანხის გარდა გერი შელონმა და ზივ ორენშენმა 83 მილიონი მომხმარებლის ანგარიშის გატეხვაც მოახერხეს, საიდანაც 76 მილიონი ფიზიკური პირია. იქიდან გამომდინარე, რომ JP Morgan მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, (საბაზრო კაპიტალიზაცია $378 მლრდ-ს აღწევს, აქტივების მოცულობა კი $2.5 ტრლნ-ს) რომლის დაცულობის სისტემაც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, მომხდარმა შემთხვევამ ისრაელსა და შეერთებულ შტატებში დიდი სკანდალი გამოიწვია. ამბავს იმდროინდელი პრესა ორივე ქვეყანაში ფართოდ აშუქებდა.
ჰაკერების კვალზე გასვლის შემდეგ ისრაელის მოქალაქეებთან ერთად შტატებში ენტონი მურჯიოც დააკავეს, რომელიც ვირტუალური ვალუტის, ბიტკოინებით ტრანზაქციების მეშვეობით შელონს და ორენშინს ეხმარებოდა. გეგმის განსახორციელებლად შექმნილი იყო არალეგალური ბიტკოინ ბირჟა coin.mx. მურჯიოს 2017 წელს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სქემაში ასევე გამოყენებული იყო ონლაინ კაზინოები, გაყალბებული ანგარიშები და კიდევ სხვა რამდენიმე ონლაინ არხი, თუმცა coin.mx-ს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ეკავა.
სხვადასხვა ქვეყანაში კრიპტოვალუტის რეგულირების უმთავრეს მიზეზად არალეგალური საქმიანიბის შეზღუდვა სახელდება. როგორც calvinayre.com აღნიშნავს, აშშ-ის ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ბიტკოინი უფრო მეტად სძულს, ვიდრე არალეგალური თამაშები თუ სხვა ფინანსური მაქინაცია. ბიტკოინი დანაშაულებრივ სქემაში სხვა ჰაკერებსაც ჩაურთავთ და ტერორისტებსაც გამოუყენებიათ, მაგრამ თანხის მოცულობა $403 მლნ ამ შემთხვევაშიც უპრეცენდენტოა.
დაკავებულები კიბერთავდასხმას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებდნენ. მათ რამდენიმე ათეული საბანკო ანგარიშიც გააჩნდათ – შელონის შემთხვევაში სახელდება რიცხვი 81. თანხა ისრაელში, რუსეთში, საქართველოში, შვეიცარიაში, კვიპროსსა და ვირჯინიის კუძულებზე ირიცხებოდა.
ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, შელონი ნიუ-იორკის ფედერალური ციხიდან მას მერე გაათავისუფლეს რაც მითვისებული თანხის სრულად დაბრუნებას დათანხმდა, თუმცა ძიება გრძელდება. შელონი საგამოძიებო უწყებების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მას ქვეყნიდან გასვლის უბფლება ჩამორთმეული აქვს. ისიც ცნობილია, რომ შელონს სპეციალური სამაჯური შეაბნიეს სამართალდამცავებმა, რომელიც მის გადაადგილებას აკონტროლებს.
აქვე ერთი საინტერესო დეტალი – ფრაზა შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც შელონის მამას, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს შოთა შალელაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, შალელიშვილების ოჯახი ბედნნიერი იქნება, თუ ჰაკერ შვილს 5–წლიან პატიმრობას მიუსჯიან. ეს კი მიანიშნებს, რომ ბრალდებულის მამა გაცილებით მკაცრ სასჯელს ელოდება ამერიკული სასამართლოდან.
საქმის კიდევ ერთ მონაწილეს, ჯოშუა აარონს რუსეთთან კავშირები ედებოდა ბრალად და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვშიც იმალებოდა. ამ ფაქტის გამო გამოძიება ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთს მიიჩნევდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ვერსია უარყოფილი იქნა. ფედერალური პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით CNN წერდა, რომ ისინი იყვნენ უბრალოდ ჰაკერები და არა რუსეთის მთავრობის ელიტარული ჯაშუშები.
ისრაელში გამომავალი გაზეთის Calcalist-ის ცნობით, გერი შელონს 400 მილიონი დოლარის დაბრუნება ვერ გააღარიბებს, რადგან მისი აქტივები $2 მლრდ-ს შეადგენს, თუმცა Forbes-ის მილიარდელთა სიაში აღნიშნული პიროვნება ვერ იძებნება. ეს ფაქტი შესაძლოა ეჭვს ამცირებს, მაგრამ მას ბოლომდე ვერ ფანტავს, რადგან Forbes მხოლოდ დეკლარილებულ ბიზნესს აღრიცხავს. Calcalist-ის 2017 წლის იანვრის სტატიაში რუსული კვალი ისევ ცოცხლდება.
გამოძიების პროცესში დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ პირთა წრე გაფართოვდა. 39 წლის იური ლებედევს ფლორიდაში 16–თვიანი პატიმრობა მიესაჯა. მას coin.mx-ის შექმნასა და შემდგომ მომსახურებაში დასდეს ბრალი. ლებედევიც წარმოშობით რუსედიდანაა, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ლებედევი ჯაჭვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი რგოლი იყო, მის შესახებ ისრაელისა და შეერთებული შტატებისგან მოშორებით, იაპონურ პრესაშიც დაიწერა. japantimes.co.jp-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, დანაშაული აღიარა და მოინანია კიდეც.
მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის მასშტაბებისა და რუსეთთან შესაძლოა კავშირებისა, რის გამოც მთელი ფედერალური ბიურო ფეხზე დადგა, შელონს, დიდი ალბათობით, ციხეში გატარებულ 2 წელს და 403 მილიონი დოლარის უკან დაბრუნებას აკმარებენ. მას შემდეგ რაც შელონმა პენიტენციალური დაწესებულება დატოვა, საერთაშორისო პრესაში მომხდარმა აქტუალურობა ნელ-ნელა დაკარგა.
გერი შენონის მამა, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი სკანდალური განცხადებების ავტორობით გამოირჩევა და საზოგადოებას თავი არა საკანონმდებლო საქმიანობით, არამედ ისეთ გლობალურ საკითხებზე გამოხმაურებით დაამახსოვრა, როგორიცაა აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების მხარდაჭერა იყო. შალელაშვილმა ამ თემაზე პირადი შეხედულების გარდა, რაც ნებისმიერი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, საჯარო განცხადებაც გააკეთა 2017 წლის ბოლოს და ქვეყნის პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა ტრამპის გადაწყვეტილების მხარდაჭერა.
გიორგი კვირიკაშვილმა შალელაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით მაშინ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებებით მიმართვა პრემიერისადმი.
ამის შემდეგ, დეკემბერში შოთა შალელაშვილი სუს–შიც დაიბარეს, თუმცა დღემდე უცნობია, ამ საკითხზე იყო საუბარი, თუ უფრო რთულ პრობლემებზე, თუნდაც მისი შვილის საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამის შემდეკ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა შალელაშვილმა, ოღონდ ამ შემთხვევაში ქვეყნის, უფრო ზუსტად კი პარლამენტის შიდა პრობლემატიკა აღმოაჩინა და დაადგინა, რომ მისივე მმართველი გუნდის დაახლოებით 80-110 დეპუტატი უფუნქციოდ არის.
„საუბარი საპარლამენტო თანამდებობებზე არ არის. საკანონმდებლო ორგანოში ათი მუდმივმოქმედი დელეგაციაა და ათივეში 10-15 ადამიანია დასახელებული. სიებს რომ გადახედოთ, ვინ არის დელეგაციებში? – სულ რამდენიმე გვარი შეგხვდებათ, ალბათ, ათამდე. დანარჩენი 105-110 დეპუტატი უფუნქციოა. შეიძლება ამ ციფრს ვუტრირებ, მაგრამ 80 ადამიანი ასეთია“, – აცხადებდა დეპუტატი.
ზოგადად, პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა რჩება შოთა შალელიშვილთან მიმართებით. მათ შორის იმ გარემოების შესახებ, რომ მას გასული საუკუნის 80–იანი წლების შემდეგ საქართველოში არ უცხოვრია და არც ამჟამად ცხოვრობს იმ ქვეყანაში, რომლის პარლამენტის წევრიც არის. ამდენად, დიდი კითხვის ნიშანია ისიც, ამომრჩევლის წინაშე რა დამსახურებით მოხვდა პარლამენტში და რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნის პარლამენტისთვის, გარდა ერთი–ორი ზემოხსენებული განცხადებისა, რომლებიც კანონშემოქმედებასთან არაფერ კავშირშია.