გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ჩვენმა დიდმა გუნდმა ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც შემდგომში განაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარება

11-09-2021

მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის მიღწევები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ქვეყანაში; მთავარი მონაპოვარი, რაც უკავშირდება 1-ელ ოქტომბერს, იმ გამარჯვებას, რომელიც მოიტანა ჩვენმა დიდმა გუნდმა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის სწორედ თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც შემდგომში განაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით მიღწეულია ხელშესახები პროგრესი - იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება მეტი საქმის კეთება, გაათმაგებული ენერგიითა და ტემპებით მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი ძვირფასი ხალხის მთავარი გამოწვევა - უმუშევრობა და სიღარიბე, ერთად იქნას დაძლეული რაც შეიძლება მოკლე ვადებში. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, გრძელვადიანი განვითარების ხედვა თითოეული სექტორის მიმართულებით. ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება და ასეც არის, რადგან ჩვენ ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოვახდინეთ ბოლო წლების განმავლობაში. ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. 1000-ზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ და შეიქმნება მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ვგეგმავთ, იმგვარად გადავანაწილოთ ეს სიკეთე, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყოს აღნიშნული პროგრამების განხორციელება. თითოეულ მუნიციპალიტეტზე გვაქვს მორგებული პროგრამები, რომლებიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სიკეთეს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამცხე-ჯავახეთის მხარეს, რომელიც ცნობილია ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლებით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებით.

„ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაციები, ტურისტული ცენტრები, რათა კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი ჩავიდეს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში. ჩვენ საკმაოდ ხელშესახები პროგრესი გვქონდა განათლების მიმართულებით. გვესწრება ბატონი მიხეილ ჩხენკელი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითაროს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს განათლების სისტემა ქვეყანაში. ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, 170 ახალი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია განვახორციელეთ, ასეულობით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, მაგრამ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ბატონ მიხეილს აქვს გეგმა, 800 სკოლა იქნას რეაბილიტირებული თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. გვაქვს გეგმა, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს პროფესიული სასწავლებელი, ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს, რომ ადგილზე მივცეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის პროფესიული განათლება ჩვენს ახალგაზრდებს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930