14-09-2021
გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის შესახებ, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მისი კუთვნილი ტელეკომპანიები საქართველოში უკვე წლებია აწარმოებენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ამ კამპანიის მორიგი გამოხატულება იყო ის გარყვნილება, რომელიც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ და ეს სამწუხაროდ ახლაც გრძელდება.
ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება.
კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ ნაციონალური მოძრაობა და მისი თანამზრახველები გახდებიან.
სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად.
გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ორი დღის განმავლობაში ამ კამპანიის ფარგლებში მიდის მსგავსი ქმედებები. მაგალითად, გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ მთელი დღე, გუშინ საღამოს და დღეს მთელი დღის განმავლობაში მიდის კამპანია იმის შესახებ, თითქოს პირადად მე ვისაუბრე მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლამდე ჩანაწერებზე და თითქოს არ გამიმახვილებია ყურადღება ამის შემდეგ ჩანაწერების შესაძლო არსებობაზე. პატივცემული ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ორჯერ გავიმეორე იმ შესაძლებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ ასეთი ვინმემ ჩაიწერა, გაავრცელა, დაამონტაჟა, მისი ფაბრიკაცია გაავრცელა და. ა.შ,, ამის შესახებ მალე იქნება გარკვეული, ცნობილი და ისიც ვუთხარი ერთერთი ტელეარხის ჟურნალისტს, რომ ეს მათ ძალიან არ მოეწონებათ. დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით და ვარაუდით, ეს სწორედ მათი თანამზრახველების მიერ შეიძლება იყოს გაკეთებული.
როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მართლაც არის რაღაც ინფორმაცია, ტყუილი და მართალი ერთმანეთში ერევა, ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე კვირის წინ მთავარი არხის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებული ცნობები, სადაც ასე იყო ტყუილი და მართალი ერთმანეთში არეული. იყო ერთი რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია, შემდეგ მისი ფაბრიკაცია და ამის შემდეგ, როგორც კი ცოტა რეალურ ინფორმაციას გაახმოვანებენ და გაასაჯაროებენ, შეუძლიათ ათი ტყუილი დაამატონ იმისათვის, რომ ამ დანარჩენ ტყუილებს სანდოობა შესძინონ ხოლმე. სწორედ ეს არის ფაბრიკაცია, სწორედ ეს არის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
დავამატებ მხოლოდ ერთს - ნაცზე მეტი ნაცობა ნაცობაზე უარესია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. სამწუხაროდ, ტელეკომპანია ტვ პირველი, „პერვი კანალი" უარესს აკეთებს ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე მთავარი არხი. წარმოიდგინეთ, რა დონეზე გავიდნენ. მაგალითად, ისინი პირადად ჩემს გუშინდელ კომენტარში მალავენ იმ ნახევარს, რომლის მიხედვითაც მე შესაძლებლობა არ გამოვრიცხე სხვა ჩანაწერებისა, ვიდრე საუბარი იყო 2012 წლამდე ჩანაწერებზე. გულწრფელად აღშფოთებული და მართალი ადამიანები ასე არ იქცევიან" - განაცხადა მდინარაძემ.