14-09-2021
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ფრეიზერის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის შეფასებისას.
მისი განცხადებით, რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში საქართველოს გადასვლა განაპირობა ისეთი ფაქტორების გაუმჯობესებამ როგორიცაა: მთავრობის ზომა, სამთავრობო მოხმარების წილი მთლიან მოხმარებაში, ზღვრული საგადასახადო განაკვეთი და სხვა.
„ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ფინანსებს, გადასახადებს, საბიუჯეტო ხარჯებს, მთავრობის დანახარჯებს, ბოლო წლების განმავლობაში უმჯობესდება და საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაში და საქართველო ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია რეგიონსა და მსოფლიოში. ასეთი მაღალი კატეგორიის რეიტინგებში წინსვლა მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, ეკონომიკური აქტორებისთვის და საბოლოო ჯამში ემსახურება ეკონომიკის გაძლიერებასა და გაჯანსაღებას. შეგახსენებთ რომ ამ რეიტინგის გარდა, ჩვენ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგში" შევდივართ საუკეთესო შვიდეულში, „ღია ბიუჯეტის ინდექსის" მიხედვით ვართ მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში. ეს აჩვენებს ტრენდს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებაში, რომლის თაობაზეც მაგალითად, საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აცხადებს, რომ წელს და მომავალ წელს საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.