გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

15-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.

 

მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს მათდამი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

 

ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და  დასაფასებელია.


შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარსდგა. 


სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930