28-05-2018
ტელეარხი „ჰრომადსკოეს“ ჟურნალისტები 17 მაისს თბილისში იმყოფებოდნენ – ქალაქის ცენტრში ჩატარდა ოჯახის სიწმინდისა და ერთიანობის საპატივცემულო მარში, აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ და ქართველი ნაციონალისტების კონტრაქცია. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული პოლიციის რეიდის წინააღმდეგ ჩატარდა ახალგაზრდების მასობრივი აქცია – ე. წ. „პროტესტი ცეკვით“. მისი მონაწილეების წინააღმდეგ ასევე გამოვიდნენ ნაციონალისტები, და საქმე ლამის შეტაკებამდე მივიდა.
თბილისში ოჯახის დღესთან დაკავშირებით გამართულ მარშზე მიტინგების შესახებ (12-14 მაისის ახალგაზრდების აქციების – JAMnews), რასაკვირველია, იციან, თუმცა ირწმუნებიან, რომ მათ საპირწონედ სულაც არ გამოსულან.
„რა თქმა უნდა, გავიგეთ, – ამბობს ქართველი მანანა, გარეგნულად ის 50 წლამდე გამოიყურება, – უფროსი ასაკის ადამიანებს, ძირითადად, რუსულად ლაპარაკი შეუძლიათ, ახალგაზრდებთან ურთერთობა კი ინგლისურად უფრო მარტივია, – მათ ნარკოტიკების ლეგალიზება სურთ, მაგრამ ეს ჩვენთვის დაუშვებელია, ამას ვეწინააღმდეგებით. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ოჯახის სიწმინდე გვჭირდება“.
ოდნავ მოშორებით 50-60 წლის რამდენიმე მამაკაცი დგას. ისინი ჰყვებიან, რომ 17 მაისის დღესასწაულზე ყოველ წელს ოჯახებით მოდიან, მარშით გაივლიან, შემდეგ კი ისვენებენ. მაგრამ როგორც კი საუბარი პარლამენტის ქვეშ გამართულ მიტინგს შეეხება, მათი მშვიდობისმოყვარე განწყობა მაშინვე იცვლება.
„იქ ადამიანები არ ყოფილან. მხოლოდ გეები იყვნენ! უფრო სწორად, პ*********, – ემოციურად იქნევს ხელებს 60 წლამდე სათვალიანი მამაკაცი, რომელიც თენგიზის სახელით გაგვეცნო, – მეზიზღებიან. და მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი – ამას რუსეთშიც ეწინააღმდეგებიან. პუტინიც ამის წინააღმდეგია“.
თენგიზის მტკიცებით – საქართველო და რუსეთი ისტორიულად ერთად უნდა იყვნენ, და ის დაუნდობლად აგინებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ის „ამერიკოსებს“ ზიზღით ახსენებს, მისი მეგობარი კი, როდესაც იგებს, რომ უკრაინელები ვართ, გვირჩევს: „იმეგობრეთ პუტინთან – და ყველაფერი კარგად გექნებათ“.
მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ-ორგანიზაციებმა 17 მაისს ყველა ღონისძიება გადადეს, საღამოს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია მაინც გაიმართა. ამ აქციაზე ყველა მსურველს უხმობდნენ, ვისაც ულტრამემარჯვენე ოპონენტების არ ეშინოდა.
ადამიანები ერთხმად ამბობენ, რომ არამხოლოდ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოდიან, არამედ იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ახლა საქართველოში ხდება.
„მინდა თავისუფლად, მშვიდად ვიცხოვრო, მინდა ისეთი ვიყო, როგორიც ვარ. ლესბოსელი არ ვარ, უბრალო ადამიანი ვარ. მაგრამ თავისუფლების მომხრე ვარ“, – ამბობს ანა , 25 წლის კაშკაშა ჟღალი ფერის თმიანი გოგონა. მისი დაქალი ქეთი დასძენს: „საერთოდ, ქუჩებში ჰომოფობია სუფევს. არაერთხელ გავმხდარვარ ამ ჰომოფობიის მსხვერპლი, მეც და ჩემი 19 წლის ვაჟიც, იმიტომ, რომ გრძელი თმა აქვს“.
მიტინგზე მისული ადამიანების დიდი ნაწილი „ცეკვით პროტესტებში“ მონაწილეობდა. იქ ანა და ქეთიც იყვნენ. თავიანთ ულტრამემარჯვენე ოპონენტებს ისინი „ფაშისტებს“ უწოდებენ.
სახელმწიფო კანცელარიიდან ხუთას მეტრში, საქართველოს პარლამენტის შენობის გვერდით ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. ეს მიტინგი „ქართული მარშის“ მიერ არის ორგანიზებული.
„ჩვენ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ პ********-ებს და ლესბოსელებს ვერ ვიტანთ, – ამბობს გიორგი, რომელიც გარეგნულად 45 წლისას ჰგავს, – ქართველები ვართ და ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. აქ ქართველები ცხოვრობენ, ისინი კი – არაქართველები არიან. მათ რწმენაც კი არ გააჩნიათ“.
ნარკოპოლიტიკა და პროტესტები
19 მაისს თბილისში „პროტესტი ცეკვით“ უნდა განახლებულიყო, მაგრამ ერთი დღით ადრე „თეთრ ხმაურში“ (ორგანიზაცია, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისთვის იბრძვის – 12-14 მაისის აქციის მთავარი ორგანიზატორი) განაცხადეს, რომ აქცია არ ჩატარდება. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დავით სუბელიანი ამას ასე განმარტავს – “ხელისუფლებასთან საუბრის ახალი ფორმატები უნდა მოიძებნოს”.
ორგანიზაციის აქტივისტებმა 2015 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას შენახვის დეკრიმინალიზაციას მიაღწიეს, ახლა კი ცდილობენ, ყველა ნარკოტიკის სრული დეკრიმინალიზაციას მიაღწიონ.
2017 წელს საქართველოს პარლამენტში „თეთრი ხმაურის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი შევიდა. აქტივისტებმა საფუძვლად პორტუგალიის მაგალითი აიღეს, სადაც 2001 წლიდან ყველა ნარკოტიკი დეკრიმინალიზებულია – მათ შორის, ინექციური, კოკაინი და ჰეროინი.
„ჩვენ არ შეგვეძლო, რომ მხოლოდ მარიხუანისა და ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკების შესახებ გველაპარაკა, – განმარტავს დავითი, – რადგან ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. ისინი სტიგმატიზებულები არიან, მათ უფლებებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. თუკი ჩვენ უკვე სისტემის შეცვლა გვსურს, მაშინ ის ყველასთვის უნდა შეიცვალოს“.
2015-2016 წელს „თეთრი ხმაური“ წარმატებულად თანამშრომლობდა იმ დეპუტატებთან, რომლებიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის იდეას მხარს უჭერდნენ. მათ პირობა დადეს, რომ კანონს 2017 წლის შემოდგომაზე მიიღებდნენ.
„ყველა გვეუბნებოდა: მოითმინეთ, ზეწოლა არ შეიძლება, ყველაფერი იქნება. და ჩვენც გვჯეროდა. შემდეგ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აი, მეც პოლიტიკის ნაწილი გავხდი. პოლიტიკა კი ასეთია. უბრალოდ მოგვატყუეს. უბრალოდ, რაღაც მომენტში ქუჩებიდან კაბინეტებში გადავინაცვლეთ და ყველაფერი დასრულდა“, – ამბობს დავითი.
როდესაც კანონპროექტი პარლამენტში შევიდა, ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა მაშინვე „თეთრი ხმაურის“ საწინააღმდეგო კამპანია დაიწყეს, – ჰყვება დავითი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აქტივისტები ნარკოტიკების გამვრცელებლებისთვის სთავაზობენ კანონის შემოღებას, და არა მომხმარებლებისთვის. კანონპროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოვიდა ეკლესიაც – საბოლოოდ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მისი განხილვა ისევ არ დაუწყია.
განხეთქილების ხაზი
დავით სუბელიანი ამბობს, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქცია ნამდვილად არ გაიმართება. ის აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საერთო სიტუაცია ამჟამად გაუარესებულია. ამიტომაც, „თეთრმა ხმაურმა“ გადაწყვიტა, დღის წესრიგი გააფართოვოს, და ყურადღება მხოლოდ ნარკოპოლიტიკაზე არ გაამახვილოს.
„გვინდა, რომ საერთოდ საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების საკითხი წამოვწიოთ, – დავითი ღელავს და ინგლისურად იწყებს ლაპარაკს – რუსულზე მეტად ამ ენაზე საუბარი ეადვილება, – ეს არის ლგბტ-თემის საკითხიც, და საქართველოში ფაშიზმის საკითხიც. საკუთარი თავისუფლებების საკითხიც, და, რა თქმა უნდა, ნარკოპოლიტიკისაც.
ქართველი ჟურნალისტის დიმიტრი ავალიანის თქმით, საქართველოში არსებული განხეთქილება უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ულტრამემარჯვენე პრორუსული განწყობების ზრდა საქართველოში საზოგადოების ორი ნაწილის დაპირისპირებას იწვევს – კონსერვატიულის და პროგრესულის. ამ უკანასკნელის წარმომადგენლები ღამის კლუბებში ისვენებს, ნარკოტიკების ლეგალიზაციის თუ არა, დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მაინც გამოდის, ასევე ლგბტ-თემის უფლებებს იცავს.
კონსერვატიული ნაწილი ოჯახისა და ცხოვრების წესის თაობაზე ტრადიციულ შეხედულებებს ემხრობა და მიაჩნია, რომ კლუბში მოსიარულე ახალგაზრდობას „ქართული იდენტობის განადგურება“ სურს. საზოგადოების ამ ნაწილთან პოლიტიკოსები და ნაციონალისტები მუშაობენ. პროგრესულ ახალგაზრდებთან კი არავინ მუშაობს, – ირწმუნება ავალიანი.
„ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან აპოლიტიკურია, -განმარტავს დიმიტრი, – მათთან არავინ მუშაობს. საბოლოოდ ისინი საპროტესტო აქციებზე თითქმის არ გამოდიან. ერთხელ მხოლოდ იმის გამო გამოვიდნენ, რომ მუსიკოსებს ნარკოტიკები ჩაუდეს(2017 წელს ორი რეპერი დააპატიმრეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასობრივი პროტესტი დაიწყო, მალევე გაათავისუფლეს), ახლა ისინი იმიტომ გამოვიდნენ, რომ სახელმწიფო მათ ტერიტორიაზე შეიჭრა. მაგრამ რაიმე პოლიტიკური მიზეზის გამო, ისინი არ გამოვლენ. მათ ეს არ აინტერესებთ“.
დიმიტრი ავალიანი ამბობს, რომ საზოგადოების ორ ნაწილს შრის კონფლიქტი, დიდ ხანია, მწიფდება – უბრალოდ, „ცეკვით პროტესტის“ დროს უფრო აშკარად გამოვლინდა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, საქართველომ რიგი მკაცრი და ხშირად არაპოპულარული რეფორმა გაატარა. ავალიანის თქმით, ამან ქართველების მენტალიტეტი უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა სისტემის სრულად შეცვლა სწრაფად შეუძლებელია.
„დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში პრორუსული განწყობები არ მოიმატებს. მაგრამ საშიში პრეცედენტი შექმნილია. კონფლიქტი, რომელიც ახლა გაჩნდა, არ დასრულდება. ის უბრალოდ სხვა ფორმით გამოვლინდება. იმედი მაქვს, პროდასავლური პარტიები მაინც შეძლებენ სიტუაციის შეცვლას“, – ამბობს ავალიანი.