გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს 420 ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს; 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ ფართები, საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს

17-09-2021

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მლნ. ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წყალტუბოში განაცხადა, სადაც 420 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 15 სანატორიუმში, იძულებით გადაადგილებული პირები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.


„ყველას მოგესალმებით. დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ამ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. წლების განმავლობაში, წყალტუბოში, 15 სანატორიუმში ჩვენი ძვირფასი დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ ძალიან მძიმე პირობებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მლნ. ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა. დღეს 420 ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს. 2020 წელს 100 ოჯახს უკვე გადაეცა ბინები და დღეს უკვე 420 ოჯახს გადავცემთ ამ ძალიან ლამაზ ბინებს.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ ფართები, საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ მძიმე პირობებში უწევდათ ამ ადამიანებს, ამ ოჯახებს ცხოვრება და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მაგრამ მთავრობამ ღირსეულად უპასუხა და შეუქმნა ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჩვენს იძულებით და დროებით გადაადგილებულ პირებს. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, მე გილოცავთ ყველას ახალმოსახლეობას, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნება, რომ დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთში და ცხინვალში, არის და იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მინისტრს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, ვინც ეს არაჩვეულებრივი პროექტი ძალიან მოკლე პერიოდში და ძალიან ხარისხიანად დაასრულა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დევნილები წყალტუბოს სანატორიუმებში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.


მათი განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, ხოლო 420 დევნილი ოჯახი ახლა განსახლდა.


წყალტუბოში ასობით დევნილი ოჯახი, ყოფილი სანატორიუმების ერთ ოთახში, რამდენიმე კვადრატულ მეტრში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. ბინების გადაცემის შემდგომ კი, მათი განსახლების პრობლემა სრულად გადაიჭრება.


ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიხურება.


წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში მისი ღირებულება 37 მილიონ ლარს აღემატება.


წყალტუბოში 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.


560 დევნილი ოჯახი ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებენ.


ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები და პარკირების ადგილები. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. საცხოვრებელი ბინები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში 8 სახლიდან ორი 2020 წელს უკვე დასრულდა. პროექტი ითვალისწინებდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც, რომელიც უკვე დასრულებულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930