17-09-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გააცნო. პროგრამა 4 წლიანია და ის ანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურს გულისხმობს.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მხცოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი.
მათი ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ.
რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს.
რეზერვში ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე-
onlinebct.mod.gov.ge