შალვა პაპუაშვილი: გარკვეული ორგანიზაციები სრულად არიან მომართული არჩევნების დისკრედიტირებისკენ და ნაცმოძრაობისთვის არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებისკენ
17-09-2021
გვინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშებში ასახული ფაქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამას გარდა, დღეს საუბარი გვექნება ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, რომლებიც მიმართულია პარტია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ.
რაც შეეხება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შუალედურ ანგარიშებს. უპირველეს ყოვლისა მისასალმებელია, რომ ბევრი ასეთი ორგანიზაცია დარეგისტრირდა, დღეის მდგომარეობით 70-ზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და 30-ზე მეტი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ და იმედი გვაქვს, კეთილსინდისიერი დაკვირვება იქნება.
ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და „სამართლიანი არჩევნების" მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
- სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთიშემთხვევები, რომლებიც მოხდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე. მაგ: საია-ს ანგარიში იწყება 1 მაისიდან, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის და ისფედ-ის ანგარიშები - 1 ივნისიდან, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე. ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციები, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიცაა მაგ. ,,ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა" და შემთხვევებს მის დარღვევად აფასებენ. ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ მათ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევა.
- სამივე ანგარიშში ზოგად ტენდენციას წარმოადგენს, რომ ხშირად ხდება მითითება, რომ „გამოვლენილი დარღვევები, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას". ამგვარი განცხადებები, საზოგადოებისთვისბუნდოვანს ხდის კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩაიდინა კანონდარღვევა, თუ მისი ქმედება უბრალოდ არ შეესაბამება კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დადგენილ შიდა სტანდარტებს. უნდა აღინიშნოს, რომ სულ ორი თვის წინ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც პარლამენტის მიერ თითქმის სრული კონსენსუსით იქნა მიღებული. ამ რეფორმის პროცესში ყველა საკითხი, რაც უნდა ყოფილიყო აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, აიკრძალა კანონმდებლობით. შესაბამისად, რეფორმიდან ორი თვის თავზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ დამატებითი კრიტერიუმებით პარტიების აქტივობების შეფასება და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს ისინი კანონდარღვევას წარმოადგენენ, ჩვენი შეფასებით, არ პასუხობს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ დამატებითი კრიტერიუმებით შეაფასონ პოლიტიკური სუბიექტების ქმედებები, გააკეთონ ეს გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის აღქმადი გახადონ, მათი დასკვნის რომელი ნაწილი შეეხება კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას და რომელი ნაწილი შეეხება ამ ორგანიზაციების დამატებით შიდა კრიტერიუმების, თუ სტანდარტების დარღვევას. ეს განსაკუთრებით შეეხება კანონმდებლობის დარღვევისა და ორგანიზაციის შიდა სტანდარტის დარღვევის ერთ სტატისტიკაში გაერთიანებას, რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რაც წარმოშობს ცრუ აღქმას დარღევების რაოდენობასა და სიმძიმესთან დაკავშირებით.
- იკვეთება ტენდენცია, რომ ანგარიშებში აღწერილია ისეთიშემთხვევები, რომლებიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს, ან სუბიექტურ აღქმებს, ისე რომ არ იკვეთება რაიმე ირიბი მტკიცებულებაც კი. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რომ მათი ანგარიშები უნებლიედ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი.
- მნიშნველოვანია ასევე, რომ ორგანიზაციებმა მათიანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ დარღვევას არ წარმოადგეს, რაც ჩვენი დაკვირვებით, ჯერ-ჯერობით არ ხდება.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ორ ორგანიზაციას - ორგანიზაცია „სირცხვილიას" და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის" მიერ შექმნილ ე.წ. „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას", რომლის კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენს 9 სექტემბრის ბრიფინგზე დოკუმენტურად დავადასტურეთ. ნიშანდობლივია ასევე, რომ ამ ინიციატივის დაფინანსების წყარო დაფარულია. აშკარაა, რომ ეს ორგანიზაციები სრულად არიან მომართული არჩევნების დისკრედიტირებისკენ და „ნაციონალური მოძრაობისთვის" არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებისკენ. ამიტომ, მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინონ და დაინტერესდნენ ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებით და საქმიანობის მიზნების მიმართ.
რაც შეეხება ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებს სხვა პარტიების მხრიდან:
1) ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების" და ზოგადად კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ.
2) 2021 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ჩვენ მიერ გამოვლენილია 13 დარღვევა, რომელზეც ვაცნობეთ ორგანიზაციებს:
- 7 დარღვევა უკავშირდება „ქართული ოცნების" საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას;
- 2 არის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი;
- 2 ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
- 1 მუქარა;
- 1 შემთხვევა გვქონდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მიერ ცესკო-ში დანიშნული წევრი მონაწილეობდა წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც ასევე აკრძალულია.
ხაზს ვუსვამთ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის საქმიანობაზე დაკვირვება, ხოლო ანგარიშში მოყვანილი შემთხვევები ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ მონაყოლს ან აღქმებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, სხვა წყაროებთან ერთად, ხშირად ეყრდნობიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“ - განაცხადა პაპუაშვილმა.