29-05-2018
მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება. კერძოდ, მსესხებელს ყოველთვიური შენატანის ვადაგაცილების შემთხვევაში, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაერიცხოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ბახტაძემ ვადაგადაცილებაზე ჯარიმების/სანქციების ლიმიტის პრინციპი განმარტა:
"რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. ჯარიმის დარიცხვის არსებული პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმას სესხის საერთო თანხიდან არიცხავდა, სრულიად უპასუხისმგებლო და უსამართლოა", - თქვა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
25 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა.
მან ის 5 ძირითადი პრინციპი ჩამოთვალა, რომელსაც მთავრობის ინიციატივა ეფუძნება. ესენია:
1. ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება თავისი მომხმარებლისგან;
2. ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს, ე.წ. „მევახშეებს“ ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.
3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50%-ის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია ვიდრე დღეს არსებული რეგულაცია 100%-სა.
4. მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან.
5. და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება ყველაზე, მთელ ფინანსურ სექტორზე. აქ იგულისხმებიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ კერძო გამსესხებლები, - ყველა, ვინც არის დაკავებული ფინანსური საქმიანობით.
სესხის გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის რეგულაციებიუკვე ამოქმედდა.