17-09-2021
მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ, მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესია, რომ ყველა პირი, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა მოსახლეობას, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
„მეგის ქარდავა, რომელიც ცნობილი იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ ძალადობრივი ჯგუფის და მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მჩაგვრელი, იმ სასტიკი და სადისტური დავალებების შემსრულებელი. მისი ექსტრადაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ათას სისასტიკეს და სადიზმს სჩადიოდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოტივაცია და ინტერესი იყო, რომ ყველა ეს პირი წარდგენილ იქნეს მართლმსაჯულების წინაშე.
სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე. სხვათა შორის, ამ დღეს დააკავეს სერგო თეთრაძე, 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს. სიმბოლური დამთხვევაა, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გვიზრუნია ამის თაობაზე, ეს უბრალოდ, ბუნებრივად ასე მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის ყველა დამნაშავე ადრე თუ გვიან წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.
რა იყო დახურულ კარს მიღმა, ბუნებრივია, მე შევეცდები, რომ თავი ავარიდო ამ კითხვას, ვინაიდან რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, ის სააშკარაოზე არ გამოგვაქვს, მაგრამ მე რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, პირადად პრეზიდენტის და ზოგადად უწყებების, ვინაიდან მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, მასალები, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ უკრაინულ მხარეს. მათ მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.