17-09-2021
ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესები, მათ შორის გახარიას ინტერესები და ყველა იმ ოპოზიციის ინტერესები, რომლებიც ასე ერთხმად, ერთ ტონალობაში გამოდიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული.
„გახარიას ნათქვამზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ემთხვევა ეს პერიოდები, აღარ მინდა სპეკულაციებში წავიდე, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესები, მათ შორის გახარიას ინტერესები და ყველა იმ ოპოზიციის ინტერესები, რომლებიც ასე ერთხმად, ერთ ტონალობაში გამოდიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს.
რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვევა, შესწავლა და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, მაგრამ აქვე მინდა გავიმეორო - რა თქმა უნდა, ყველა ეს პირი, ვინც ამ დიდ, ბინძურ პროვოკაციაში იყო ჩართული და შეთქმულებაში, უნდა ითქვას, რომ ეს არის შეთქმულება პირდაპირ, სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ყველა, გარანტირებულად ვამბობ, რომ დაისჯება. არავის არ ეგონა, რომ მეგის ქარდავა წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ მოვიდა დღე და მეგის ქარდავა ჩამოვიდა, ასევე დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, დადგება თუ არა მოქმედი, ან ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს შესწავლა და არაფერი არ არის გამორიცხული.
„აქედან რა არის ფაბრიკაცია და ვიცით რა, გავეცანით რა მასალებს და მე ინფორმაცია მოვისმინე, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებიდან და გამოძიების სამსახურებიდანაც, შუალედურ ინფორმაციას მოვუსმინეთ და ვიცი, რომ 90%, მეტი თუ არა, მანდ არის ფაბრიკაცია და დადგმული, გაკეთებული, შედგენილი ცნობები არის, რომლის გაკეთებაც ძალიან მარტივი, პრიმიტიულია. რა თქმა უნდა, რაღაც ტყუილ-მართალი შეიძლება იყოს არეული, აღრეული და საზოგადოების დასაბნევად არის ეს ყველაფერი მოფიქრებული", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.