18-09-2021
ჩვენ ვგეგმავთ ძალიან სოლიდური თანხების ინვესტირებას და განათლების ბიუჯეტის ასეთი უპრეცედენტო ზრდა არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწყო ასევე მასწავლებლების ხელფასების ზრდა და გაწერილია გეგმა, რომლის თანახმად, მასწავლებლის საშუალო ხელფასი უახლოეს წლებში 1500-2000 ლარამდე გაიზრდება.
„განათლებაზე როცა ვსაუბრობ, მაინც მახსენდება გვარამია, რომელიც იყო განათლების მინისტრი, რადგან მეორეს მხრივ ვუყურებთ მეცნიერ კაცს, ღირსეულ კაცს, მიხეილ ჩხენკელს და სააკაშვილის დროს იყო გვარამია ნიკა, რომელიც მთელს ამ გარყვნილებას უწევს პროპაგანდას და ტირაჟირებას, ეს შედარებისთვის და შეხსენებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანას აქვს ჯერ კიდევ გამოუყენებელი უნიკალური რესურსები და ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა.
„ამისთვის, ყველას გვჭირდება მეტი კონცენტრაცია, მეტი ჩართულობა, მეტი ფიქრი დასაქმებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და სიღარიბის დაძლევაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი", - აღნიშნა პრემიერმა.