29-05-2018
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის თბილისს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სტუმრობდა. მან კომპლიმენტები არ დაიშურა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მასპინძლებს განუცხადა - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ლიდერი ხართო.
ევროპული სამოთხე თავისი გახსნილი საზღვრებით და ბაზრით საქართველოს, ჯადოსნური ჯოხის ერთი აქვევით, ევროპის ყველაზე აყვავებულ ქვეყნად გადააქცევს. პარიზის რესტორნებში „შატოსა“ და „შაბლის“ მაგივრად ქართულ „ხვაჭკარას“ და „ქინძმარეულს“ დალევენ, დესერტად კი ტკბილ ჩურჩხელას მიაყოლებენ. ესპანეთის მაღაზიების დახლები ქართული მანდარინით და ბროწეულით გაივსება, იტალიური და გერმანული წამყვანი კომპანიები კი პირველ რიგში სამუშაოდ „საქართველოდან“ ჩასულებს მიიღებენ. მოკლედ, ძმებო, „ლიეტუვას“ მიჰყევით და არ დაიკარგებით.
ასი წელი საქართველოს უძველესი ისტორიისათვის მხოლოდ გაელვებას, „თვალის ერთ დახამხამებას“ წარმოადგენს. ქართველებს თავისი სახელმწიფო და დამწერლობა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ, როცა ბალტიის ზღვის ნაპირზე პირველყოფილი ადამიანის მსგავსი არსებები ტყავით შემოსილი და ქვის ნაჯახით ხელში დარბოდნენ.
ამ სტრიქონების ავტორი საქართველოში დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტამდე ორიოდე დღით ადრე იმყოფებოდა და იცოდა, რომ საქართველოს ისტორია არაერთ ათასწლეულს ითვლის. რა თქმა უნდა, მცირე დროში ყველაფრის ნახვა და გააზრება ძალიან ძნელია, მაგრამ რაც ვნახე, იმის მასშტაბებმა გამაოცა.
ცხადია, ლიტვასაც აქვს ის, რითაც შეუძლია იამაყოს. ლიტვა, როგორც საქართველომ, თავისი დამოუკიდებლობა ასი წლის წინათ აღიდგინა, 1917 წლის რევოლუციის წყალობით, რომელმაც რუსეთის იმპერიის დაშლა გამოიწვია. ლიტვა ისტორიულ წყაროებში პირველად ჩვენი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის დასაწყისში მოიხსენიება, იმ პერიოდში კი კავკასიის მთების კალთებსა და ხეობებში ქართული სამეფო უკვე ჰყვაოდა, თავისი დიდი კულტურითა და დამწერლობით.
და დღეს ევროპელი ხალხები, რომლებიც ქართველებთან შედარებით ძალზე მცირეწლოვანნი არიან, თავს უფლებას აძლევენ და ცხოვრების ავან-ჩავანს ასწავლიან მათ, რომლებიც პლანეტის ცივილიზაციის საწყისთან იდგნენ...
„რეფორმები დააჩქარეთ, სამართლებრივი სისტემა განამტკიცეთ, გააძლიერეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დაიცავით სიტყვის თავისუფლებაო“, - დაარიგა დალია გრიბაუსკაიტემ „გრუზია-საქართველოს“ ხელისუფლება თბილისში ვიზიტის დროს.
სტუმართმოყვარე კავკასიელებს კეთილად ეღიმებოდათ და მილოცვისათვის მადლობას იხდიდნენ. საქართველოში არსებული უძველესი ტრადიციის თანახმად, სტუმარი ღვთისაა.