გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უზენაესმა სასამართლომ პედაგოგი სამსახურში აღდგინა; სკოლა მას 21,166 ათასს ლარს გადაუხდის

29-05-2018

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, თბილისის #140 საჯარო სკოლის მიმართ წარმოებული დავა გათავისუფლებული მასწავლებლის კანონიერ უფლებებში აღდგენით დასრულდა, საკასაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და დაუშვებლად მიიჩნია სკოლის საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებაზე. შედეგად, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა და სკოლას უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის სასარგებლოდ, იძულებითი შრომითი განაცდურის სახით, 21,166 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სასამართლო წესით გასაჩივრებულ იქნა თბილისის #140-ე საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ასანიძის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ქ. ო.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სკოლის მხრიდან პედაგოგის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები გახდა სკოლის შინაგანაწესით პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების სავარაუდო ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე) სრულად იქნა გაზიარებული სკოლის მტკიცება და არ დაკმაყოფილდა გათავისუფლებული მასწავლებლის სარჩელი.


„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების კვლევის, მტკიცებულებათა ერთობლიობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სრულად დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და პედაგოგის გათავისუფლების უკანონო ხასიათი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გათავისუფლების უკანონობა მისი თანმდევი მიზეზ-შედეგობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და მიიღო გადაწყვეტილება სადავო გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სკოლის მათემატიკის პედაგოგის ქ.ო-ის სამსახურში აღდგენისა და 2014 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებითი განაცდურის გადახდევინებასთან დაკავშირებით (მოსამართლეები: დიანა ბერიკაშვილი (თავმჯდომარე), ეკატერინე ცისკარიძე და ვანო წიკლაური).


თბილისის #140-ე საჯარო სკოლამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება. 2018 წლის 2 თებერვალს, სასამართლომ დასაშვებობისა და არსებითი განხილვის შესამოწმებლად, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. ორგანიზაციამ სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვალს წარუდგინა ვრცელი წერილობითი შეპასუხება (შედავება) და დაასაბუთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სკოლის საკასაციო საჩივრის დაუსაბუთებლობა, რაც საბოლოო ჯამში, 2018 წლის 28 მაისს, სრულად გაიზიარა და დასაბუთებულად ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ორგანიზაციამ წერილით მიმართა თბილისის #140-ე საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ასანიძეს და მიუთითა, რომ არ გაესაჩივრებინა მიღებული გადაწყვეტილება, არ გაეზარდა იძულებითი შრომითი განაცდურის ოდენობა, მოეხდინა გადაწყვეტილების აღსრულება, სკოლის დირექტორმა წერილობითი გამოხმაურებით ორგანიზაციას აცნობა, რომ ზემდგომი სასამართლო ინსტანციისთვის მიმართვა, სკოლის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ამ უფლებამოსილებას აუცილებლად გამოიყენებდა. ამჟამად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სკოლის დირექტორი უხეშად ჩაერია სკოლის დამოუკიდებელი ორგანოს - დისციპლინური კომიტეტის უფლებამოსილებასა და საქმიანობაში, შეაცვლევინა კომიტეტს პედაგოგის მიმართ პირველად მიღებული სახდელი უფრო მძიმე სახდელით - გათავისუფლებით, რითაც დაირღვა კანონი და სკოლის შინაგანი წესდება. ორგანიზაცია აპირებს დირექტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვინაიდან ეს უკვე მეორე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დავაა, როდესაც სკოლის დირექტორის მიერ პედაგოგების პიროვნული შეუთავსებლობითა და დისკრიმინაციის საფუძვლეზე, სამსახურიდან გათავისუფლებები დასტურდება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება ბესარიონ ალავიძის (თავმჯდომარე), ეკატერინე გასიტაშვილისა და პაატა ქათამაძის შემადგენლობით მიიღო. საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031