გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი სიორიძე: კრწანისელებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ არჩევნებში, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში

21-09-2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ საპილოტე პროექტზე ისაუბრა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე #4 კრწანისის საარჩევნო ოლქში განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც ხმის დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

როგორც აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სიორიძემ დღეს განაცხადა: „გამომდინარე იქიდან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისადმი არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და მას აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტი, ოპოზიციის და პირადად ჩემი, როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრის უპირატეს ამოცანას წარმოადგენდა 19 აპრილის დებულებათა იმპლემენტაციასთან ერთად, ამ არჩევნებზე ისეთი ტიპის ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას და არა ამა თუ იმ ნოვაციის ეფექტურობის შემოწმებას კონკრეტულ შემთხვევებში. სამწუხაროდ ის რაც ჩვენ გვსურდა ბოლომდე ვერ იქნა განხორციელებული. ამას ჰქონდა თავის ფინანსური, ლოგისტიკური, დროის დეფიციტის და სხვა მიზეზები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩართულ მხარეებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩვენ მოგვცა პლატფორმა და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია დავნერგეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ვიდეოფიქსაცია არის ის, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა მოხდება ელექტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით.

საარჩევნო ადმინისტრაციაში შემადგენლობის განახლებისა და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შედეგად მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები კომპანია „სმარტმატიკთან“, რომელიც გახლავთ ელექტრონული ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვისა აშშ-დან ფილიპინებამდე. შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ არა ერთ ან  2 უბანზე, არამედ მთლიან კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩაგვეტარებინა მოდიფიცირებულად და ბიულეტენები დაგვეთვალა ელექტრონული მთვლელების მეშვეობით.“

გიორგი სიორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა იმ ბიულეტენის პროტოტიპი და შესაბამისი ჩარჩო, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის საარჩევნო ოლქში იქნება გამოყენებული. მისივე განცხადებით, დაბეჭდილია საინფორმაციო ფლაერები, სადაც დეტალურად არის დატანილი ინფორმაცია თუ როგორ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა. მას შემდეგ რაც დაზუსტდება საბოლოოდ სიები, კრწანისის ამომრჩევლებს ამომრჩევლის ბარათებთან ერთად დაეგზავნებათ შესაბამისი საინფორმაციო ფლაერი. გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს კრწანისის 31-ვე უბანზემონიტორებზეგაშვებული იქნება ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილიხმის მიცემის პროცედურა.

„ამასთან მნიშნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უსინათლო დამცირემხედველობის მქონე ადამიანებს, რომელთა კონტიგენტი არის ამავე ოლქში და დღეს მიმდინარეობს ამ პროცესის პილოტირება, ხოლო ხვალ კრწანისის რაიონში, #75 სკოლის შენობაში ჩატარდება იმიტირებული არჩევნები ამ საპილოტე ვერსიისაა, სადაც გავლილი იქნება სრული პროცედურის იმიტაცია თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები 2 ოქტომბერს.“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა განიხილება საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის საკითხი.

„ჩემი ინიციატივით და კომისიასთან შეთანხმებით, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი იმდაგვარად, რომ ფარულობა ხმის მიცემისა იყოს გარანტირებული.  აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან. მე არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟთან და ა.შ.,  რომლის კონტროლის მექანიზმიც გახლდათ ბიულეტენის ფოტო და ვიდეო გადაღება. ამ რისკების გამორიცხვა ბოლომდე ცხადია შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მოხდება ამის პრევენცია და მისი მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარ კანდიდატებს კრწანისის ოლქში, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, რათა პროცესი გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური და მაქსიმალურად მოხდეს ადამიანების ინფორმირება. იმიტომ რომ ჩემი აზრით, კრწანისელებს ახლა ეძლევათ შესაძლებლობა 2 ოქტომბერს მიიღონ ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში,“ - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930