29-05-2018
გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ებერჰარდ ცორნი მიმდინარე წლის 30-31 მაისს თბილისს ესტუმრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გენერალი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და მასთან საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმატებულ თანამშრომლობაზე და ავღანეთის ჩრდილოეთში მიმდინარე მისიაში ერთობლივი მონაწილეობის გაგრძელებაზე ისაუბრებს.
გარდა ამისა გენერალი ცორნი შეხვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას.
გენერალი ცორნი გვირგვინით შეამკობს გმირთა მოედანზე მდებარე გმირთა მემორიალს და ესტუმრება ასევე კრწანისის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესის განყოფილებას.