26-09-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრის განცხადებით, მოცემული ფედერაცია, გარდა იმისა, რომ სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და ამ მხრივ, აქვს შესაძლებლობა დიდი როლი შეასრულოს მასობრივი სპორტის განვითარებაში, რაც სამინისტროს პრიორიტეტთაგან ერთ-ერთი უმთავრესია.
სამინისტროსა და ფედერაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ერთ თვეში ფედერაცია წარმოადგენს სამოქმედო გეგმას კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ.
შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის 6-დან 15 წლამდე ბავშვების სპორტში ჩართულობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ თვალსაზრისით ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია.