30-05-2018
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
საქართველოს მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი განავითარებს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს ყველა მიმართულებით.
„მივესალმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ფაშინიანის ვიზიტს საქართველოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. რა თქმა უნდა პოტენციალი დიდია ბევრი მიმართულებით და ჩვენ განვიხილავთ ამ ვიზიტისას საკითხებს, რომლებიც ეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეხება კულტურულ კავშირებს, ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“-განაცხადა მინისტრმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა.