გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხი ძალიან დაიღალა ამ უსაგნო, უსაფუძვლო პოლიტიკური დებატების მოსმენით, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, ამ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია ჩვენ

29-09-2021

რატომ გვახარებს ეკონომიკური ზრდა, გვახარებს იმიტომ, რომ მეტი ფული გაგვიჩნდება ბიუჯეტში, ამ შემოსავლებით, ჩვენ შევძლებთ, დავაფინანსოთ კარგი პროექტები, როგორიც არის ახალი საწარმოების შექმნა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელოს მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად.


„ეს არის ძალიან სერიოზული პაკეტი. 1300-მდე საწარმოს დავაფინანსებთ და მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება ტურიზმს, ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს უნიკალური ადგილები, რომელიც მანამდეც შესაძლოა, იყო მომხიბვლელი ტურისტული ატრაქციები, ახლა არის მივიწყებული, ამას გარდა, აღმოჩენილია ახალი ლოკაციები, რომლებიც, მინდა, რომ თანაბრად ყველა მუნიციპალიტეტში განვავითაროთ. გვაქვს გეგმა, ჩემი დავალებით, ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროც და ამ პროექტების განხორციელებას 2022 წლის იანვრიდანვე დავიწყებთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს 7 მილიარდი ლარის ინვესტირების გეგმა, რათა თანაბრად განვითარდეს მთელი ქვეყანა. ჩვენ, იმის მაგივრად, რომ ვილაპარაკოთ კრიმინალებზე, უნდა ვილაპარაკოთ განვითარებაზე, ხედვაზე, მოსახლეობის მთავარ გამოწვევებზე. ხალხი ძალიან დაიღალა ამ უსაგნო, უსაფუძვლო პოლიტიკური დებატების მოსმენით. ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ამ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია ჩვენ. ჩვენს გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, ხედვა, ვიცით, როგორ გავაკეთოთ, როდის გავაკეთოთ და რა უნდა გავაკეთოთ.


შედარებისთვის მინდა, ვთქვა მთავარი - ერთადერთი გუნდი, რომელმაც გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა ქვეყანაში, არის „ქართული ოცნება" და ჩვენი მმართველობის პერიოდი. მანამდე გახსოვთ, იყო ომები, შიდა არეულობა, კონფლიქტები და მუდმივი დესტაბილიზაცია. შესაბამისად, ვისაც სურს, რომ გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, მხარი უნდა დაუჭიროს „ქართულ ოცნებას". ვისაც სურს, რომ ისევ კრიმინალები და მაფიოზური დაჯგუფება მართავდნენ ქვეყანას, ამის ალტერნატივას გვთავაზობს ბატონი სააკაშვილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930