30-09-2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მან თავის გამოსვლაში ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა აღნიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000 - მდე ახალი სამუშაო ადგილი.
„დღეს შეგვიძლია ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ იმ საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგების, რაც მოიტანა 2014 წელს სწორედ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორცშესხმულმა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში" - ეს არის უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდი, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, და გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც უახლოეს 2 წელიწადში, პრაქტიკულად, უნდა გავაორმაგოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქციული რუკა, რომელზეც დეტალური ინფორმაციია განთავსებული არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ. რუკა განთავსება სახელმწიფო პროგრამების პორტალზე - www.programs.gov.ge და დღეიდან ყველასთვის ხელმისაწვდომია.
„ხშირად გვეკითხებიან - მოსახლეობა, დაინტერესებული პირები, ჩვენი ოპონენტებიც - სად არის ის ასობით საწარმო, რომლებიც რეალურად ამ წლების განმავლობაში ფინანსდება, რომლებიც შეიქმნა და შეიძლება ვერ შექმნილიყო, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა და ან - გადაიარაღდა და გაფართოვდა, რომელიც გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ექსპორტზე, ან იმპორტი ჩაანაცვლა. სწორედ იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე, ხელშესახები დეტალური ინფორმაცია თითოეული ბენეფიციარის შესახებ - რომელი კონკრეტული პროგრამით ისარგებლა, რამხელა მხარდაჭერა მიიღო, რამხელა ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რა დარგში საქმიანობს და რაც მთავარია, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, შეიქმნა ჩვენი ახალი შემოთავაზება - ინტერაქციული რუკა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.