გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება

1-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება. აკადემიის დაფუძნების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი აიზეგამ, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ – გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიულ აკადემიას ვუყრით საფუძველს. სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ აკადემია საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. დარწმუნებული ვარ, ამ პარტნიორობის შედეგად ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, აკადემია კი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის მხარის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.

ჩვენი გუნდის მიზანი გახლავთ საქართველოს ყველა რეგიონში გვქონდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ადგილობრივ მოთხოვნებს უპასუხებენ. 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზიც ახალი სტრატეგიის ფარგლებში უკვე მიღწეული შედეგის ერთ-ერთი დასტური გახლავთ – გურჯაანში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში ფუძნდება უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი.

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის  ინიციატივით, პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რადგან ახალ სასწავლებელში, ქართველ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ბასკეთის ცენტრის წამყვანი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

ამგვარი ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში გვექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი კოლეჯები, რომლებიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს“.

 

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტროს გუნდის სამომავლო ხედვა ითვალისწინებს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირებას. მისი თქმით, უნივერსიტეტის წიაღში პროფესიული განათლების განვითარება ხელს უწყობს განათლების უწყვეტობის პრინციპის განხორციელებას. ეს მოდელი პრაქტიკაში უკვე დაინერგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს მედია-ხელოვნების კოლეჯი. ასევე, თელავის უნივერსიტეტთან  და გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნება მეღვინეობისა და მევენახეობის პროფესიული სასწავლებელი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი.

 

ღონისძიების ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომელიც ერთობლივი პროგრამების შემუშავებას ითვალისწინებს.

 

მიხეილ ჩხენკელმა მადლობის სიგელი გადასცა ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორს, ხოსე მარი აიზეგასა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის.

 

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს პროექტის მხარდაჭერისათვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულინარიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით.


აღსანიშნავია, რომ ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში. სასწავლო ცენტრში პროგრამებს ახორციელებენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები. ცენტრში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე.


კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930