გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ეფექტური და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობასა და ეკოტურიზმის განვითარებას

1-10-2021

„ეფექტური და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, შემიძლია შევაფასო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სულ მცირე ორი ასპექტით: ერთი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ენერგოეფექტურობას, მეორე კი უკავშირდება ჩვენი ტურისტული პოტენციალის, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის "საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia -ს ხელმოწერის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


დოკუმენტს, რომელიც საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერას, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მიმდინარე სატყეო რეფორმის განხორციელებაში წვლილის შეტანას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათელა თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა და პროგრამის ECO.Georgia-ს ხელმძღვანელმა ლუც იარჩინსკიმ.


ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების, ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით ქვეყნის გაზიფიკაციის დონე 90%-ზე მეტს აღწევს, რაც უპრეცედენტოა ჩვენნაირი ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის და ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ტყით სარგებლობა იყოს უფრო ყაირათიანი და შეშა ნაკლებად იყოს გამოყენებული გათბობისთვის.


„აქედან გამომდინარე, სწორედ ტყითსარგებლობის კომპლექსური რეფორმა, რომელსაც ახლა ვიწყებთ და ამაში გვეხმარება გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობები, GIZ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კლიმატის მწვანე ფონდი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვითარდეს ახალი კულტურა, ბიომასის წარმოება, შესაბამისი ტექნოლოგიები, ელემენტარულად, ენერგოეფექტური ღუმელები იყოს შეძენილი, დარიგებული და მოთხოვნადი ჩვენს მოსახლეობაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


მისივე თქმით, პროექტი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკოტურიზმი ერთ-ერთი სამომავლო პრიორიტეტია, რომელსაც მთავრობა ყოველთვის წაახალისებს და ამისთვის საჭიროა მოვლილი, ჯანსაღი, ყველანაირი აუცილებელი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ტყე.
პროექტის განხორციელებისთვის, GCF-ის სამეთვალყურეო საბჭომ, 2020 წლის აგვისტოში, 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი დაამტკიცა. პროექტის, რომლის ხანგრძლივობა 7 წელია (2021-2027 წწ), თანადამფინანსებლები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა (10 000 000 მილიონი ევრო) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა (4 090 000 მილიონი ევრო). პროექტი, ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე, დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში, ცნობიერების ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930