გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, რამაც ასახვა ჰპოვა დღევანდელ დღეს არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაში

30-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო დიდი გულისყურით აკვირდება სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კოლეგას პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო ჩვენს პატივცემულ სტუმარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს.

ერთგვარად სიმბოლურია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ჩვენ ერთსა და იმავე პერიოდში ვზეიმობთ ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს და ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ჩვენს ქალაქში, თბილისში მოხდა. 
ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვულოცავ ორ მეგობრულ ერს გამორჩეულ თარიღს - დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლის იუბილეს. ასი წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინა განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება.

საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები აკავშირებს, რამაც ასახვა ჰპოვა დღევანდელ დღეს არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება.
სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოში დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მეგობარ სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი. 
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენ ძვირფასს სტუმარს პრემიერ-მინისტრად არჩევა და ვუსურვო მას წარმატებები და მიღწევები ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და ა.შ. მიუხედავად უკვე არსებული ინტენსიური თანამშრომლობისა, რა თქმა უნდა, არის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით“- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის თქმითვე, სომხეთის პრემიერთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

„ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ხაზი გავუსვით რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას.

გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. 
ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაახლოთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობა. უახლოეს პერიოდში შედგება სამუშაო ჯგუფებს შეხვედრა და მომზადდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. ასევე, გამოვყავით ძირითადი მიმართულებები, რაზეც ამ კომისიის ფარგლებში უნდა გავამახვილოთ ყურადღება და შევთანხმდით პრინციპებზე, რომლებზეც იქნება აგებული მომავალი მუშაობის დღის წესრიგი. 
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა ასევე სამხრეთ საქართველოს, სადაც შეხვედრებს გამართავს ადგილობრივ მოსახლეობასთან. საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში, რაც მრავალეროვნული საქართველოს ერთიანობის ნათელი დასტურია. ჩვენი მოსახლეობა, მიუხედავად ეროვნული მიკუთვნებისა, ემსახურება საერთო მიზანსა და ამოცანას - საქართველოს გაძლიერებას და რეგიონული და სამეზობლო ურთიერთობების განვითარებას.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას სტუმრობისთვის, გულახდილი საუბრისთვის და გამოვხატავ მზაობას სამომავლო თანამშრომლობისთვის“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031