4-10-2021
„მინდა ყველას მივულოცო ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში დადგა ორშაბათის მშვიდი და სტაბილური დილა, რაც საერთოდ არ შედიოდა პოლიტიკური დესტრუქციული ოპოზიციის გეგმებში. ეს ნამდვილად მოსალოცია და მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტაბილურობას, სიმშვიდეს და შესაბამისად „ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" დადო ის შედეგი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი 43 და ნაკლები პროცენტი და შესაბამისად, მარცხი განიცადა პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ფიქრობდა, რომ დღეს ისაუბრებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ძალებს მოუწიათ ამ იდეასთან დამშვიდობება და შესაბამისად, მომდევნო სამი წელი საქართველო გააგრძელებს ცხოვრებას მშვიდობიან და სტაბილურ ატმოსფეროში, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შედეგი დაიდოს და თითოეულმა ოჯახმა, მათ შორის, სოფლად, იგრძნოს თავის თავზე, თუ რას ნიშნავს მთავრობის მიერ კეთილდღეობისთვის და ქვეყნის განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის მუშაობა.
„მავანი ფიქრობდა, რომ დღეს იქნებოდა ხელისუფლებაში, თუმცა დასრულდა მთავრობის სხდომა და კვლავ მთავრობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. შესაბამისად, ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში. მე მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ ვუთხრა ის, რაც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ არაერთხელ განაცხადეს - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა იმისთვის, რომ გუშინდლიდან მდგარიყო აქციაზე და ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, რაც ვერ შედგა. ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა, არის რამდენიმე მნიშვნელოვან ოლქში მეორე ტურში მონაწილეობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი როგორღაც ახერხებენ საკუთარი ქცევის მოწესრიგებას და აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. ეს არის სწორედ ის დემოკრატია, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა. რა თქმა უნდა, ისინი მეორე ტურში აუცილებლად დამარცხდებიან ქართული ოცნების წინაშე, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესები, რომ კი არ ფიქრობდე არეულობაზე, სისხლზე და რევოლუციაზე, არამედ იღებდე მარცხს, იღებდე იმ კრახს, რაც განიცადე და ცდილობდე მეორე ტურში მაინც იყო ცოტა უფრო წარმატებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას იმ სიმშვიდეს, რომლითაც დღევანდელი დილა გათენდა და „ქართულ ოცნებას" ვულოცავ კიდევ ერთხელ, ამ დამაჯერებელ გამარჯვებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.