გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით

4-10-2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.


დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ს რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 9,5%-ს შეადგენს.


2022 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 15 193,4 მლნ ლარს. 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 271,4 მლნ ლარით (17,6%-ით).


მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს შეადგენს მშპ-ს 4.3%-ს.


2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა, ჯამში, დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 22,0%-ს შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 2024-2025 წლებში კლებადი ტენდენცია აქვს და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.


2022 წელს კაპიტალური ხარჯები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ჯამში, დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 8,5%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ს 7,0%-7,1%-ის ფარგლებშია.


2022 წლის ბოლოსთვის, PPP პროექტების ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შეადგენს 52.7%-ს.
„თქვენ იცით, რომ გასულწელს პანდემიის გამო ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ-ს 60% და ეკონომიკის აღდგენის პირველივე წელს, ჩვენ შევძელით, დაახლოებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შეგვემცირებინა ვალის დონე 2022 წლისთვის, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443.3 მლნ ლარია.


2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.


„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით. „ეს ძირითადად მოიცავს მკურნალობის, ვაქცინის ხარჯებს, რომელიც დამატებით შესაძლოა ქვეყანას დასჭირდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება 2 885.0 მლნ ლარი (გაზრდილია 285.0 მლნლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციისწესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.


მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე მიიმართება 982.6 მლნ ლარი (გაზრდილია 91.6 მლნ ლარით); ზრდა დაკავშირებულია 2021 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე ზრდასთან.


სოციალური შეღავათებისთვის მაღალმთიან დასახლებაში გათვალისწინებულია 75.0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც.


იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გამოყოფილია ჯამურად 108.9 მლნ ლარი.
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები მომავალ წელს შეადგენს 1 862.3 მლნ ლარს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 323.4 მლნ ლარით.


რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მიიმართება 463.8 მლნ ლარზე მეტი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 379.9 მლნ ლარი;


სულ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე გათვალისწინებულია 134 მლნ ლარის ფარგლებში;


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება შეადგენს 975.0 მლნ ლარს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 79.4 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2022 წლის იანვრიდან;


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 577.0 მლნ ლარს, საიდანაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე მიიმართება 84.6 მლნ ლარი, ერთიან აგროპროექტზე 257.7 მლნ ლარი და სხვა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით. მათ შორის: მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 50,0 მლნ ლარამდე; მეწარმეობის განვითარება - 273.3 მლნ ლარი, რომელიც ითვალისწინებს 2021 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის ხელშეწყობის გაფართოებულ პროგრამებს. პროგრამა ნაწილობრივ ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და 2022 წელს ბანკის რესურსი შეადგენს 45.0 მლნ ლარს; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 22.7 მლნ ლარი და სხვა.


„უნდა კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია, რომელიც ეფუძნება დღემდე არსებულ პარამეტრებს. მას შემდეგ, რაც დაიწყება განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში და შესაბამისი შენიშვნებით და კომენტარებით ბიუჯეტის ეს ვერსია დაბრუნდება მთავრობაში, უკვე მომდევნო თვეში შესაძლებელი იქნება დაზუსტდეს მთელი რიგი პარამეტრებისა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით და აღნიშნული დაზუსტებული პარამეტრებით და გამოთქმული კომენტარების შესაბამისად, მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარდგენა პარლამენტში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930