გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებს

4-10-2021

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ხორვატიაში გამართულ ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელის სამიტის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა კომუნიკაციების კომისიასა და ავსტრიის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების ორგანოს შორის მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა ორ მარეგულირებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ექსპერტულ დახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.


ამას გარდა, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მარეგულირებლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს. შეხვედრები შედგა ავსტრიის, ხორვატიის, ირლანდიის, საბერძნეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის მარეგულირებლების ხელმძღვანელებთან.


საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და მარეგულირებელი ქსელების საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, კომისიას დაეხმარება ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკასთან აპროქსიმაციის პროცესში. ამასთან, ხელს შეუწყობს კომისიის ექსპერტიზის გაღრმავებას, ისეთ საკვანძო საკითხებში როგორიც არის 5G სპექტრის მართვა, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობა და ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარება.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა ხორვატიაში ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელის სამიტში მიიღეს მონაწილეობა. სამიტი, რომლის მიზანიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების ინიცირებაა, ევროკომისიის ხელშეწყობით ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930