4-10-2021
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რუსთავის საპყრობილესთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არ მჩვევია ასეთი ტერმინები, მაგრამ პოლიტკორექტულობის შენარჩუნებას ამ კონგლომერატთან მიმართებაში უკვე ყველანაირი აზრი დაეკარგა.
რუსთავის ციხესთან შეკრებილია ნაცხროვა, ველური გავეშებული ადამიანების მასა და აპირებენ, როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს ახალი "რევოლუციური ტალღის" აგორებას, ანუ ძალადობას, დესტაბილიზაციას და ა.შ.
ორი დღე გაყურსულები იყვნენ, ელოდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს. მას შემდეგ რაც მათ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს, ცესკოს მუშაობა ძალიან დადებითად შეაფასეს, ცესკოსთან მივარდნის საფუძველი მოიხსნა.
არც პარლამენტის წინ მიტინგი გამოვიდოდა "არჩევნების ტოტალური გაყალბების" ყვირილით, რადგანაც აზრი არ ჰქონდა.
დარჩათ ციხეში დამსახურებულად გამოკეტილი მათი ბოლომდე პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული და ჩამოწერილი "ფიურერის" ირგვლივ აჟიოტაჟი.
"ორი გვამის" და სხვა სცენარები გამზადებული გაქვთ?“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთავის ციხესთან ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ქვეყნის ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.