გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა

6-10-2021

საქართველოში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კახეთში, წინანდალში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე.


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი შედეგიანია და რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება. „აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ. მან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს და ამ კუთხით ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიაზე გააჟღერა.


თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ქართველ კოლეგას ნაყოფიერი შეხვედრებისთვის და მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. „შეხვედრებზე განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სხვა მიმართულებებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პერსპექტივით განვიხილეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. „დღევანდელი შეხვედრები წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ნიმუშს. სამმხრივი შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა მოძმე და მეგობარ ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და სამმხრივ ფორმატში გადასადგმელი ნაბიჯები. განვიხილეთ მომავალი პერსპექტივები და ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.


მინისტერიალის დასასრულს, სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930