18-10-2021
ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, „ალტერნატიულ კულტურულ სივრცეში N12" პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს დაარსებული პრემია გადაეცა მხატვარ მამუკა ცეცხლაძეს - პირველ ქართველ ხელოვანს, რომელმაც საქართველოში 1988 წელს შეასრულა მხატვრული პერფორმანსი. მხატვარს პრემია ზურაბ რთველიაშვილის მეუღლემ, ნინო ამირეჯიბმა გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების კედლებზე, „ალტერნატიულ კულტურულ სივრცეში N12" ზურაბ რთველიაშვილის საუკეთესო პერფორმანსების ინსტალაცია იყო ნაჩვენები, ასევე დაიდგა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „მარგო კორაბლიოვას თეატრის" პერფორმანსი, ხოლო ღონისძიების დასასრულს, „ახმეტელის თეატრის" მსახიობებმა ზურაბ რთველიაშვილის პიესა „ქვემოდან ზემოთ" წაიკითხეს.
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მან ხაზი გაუსვა სახელოვნებო სფეროსთვის მსგავსი ღონისძიებებისა და ქართული პერფორმანსის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტები იქნება წამახალისებელი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და წინა თაობის ხელოვანებისთვის, რათა ქართული მხატვრული პერფორმანსის მიმართულებით ახალი პროექტები შეიქმნას.
ზურაბ რთველიაშვილის შესახებ ასევე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა - ირაკლი კაკაბაძემ, დავით ანდრიაძემ და უშანგი ხუმარაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს პოეტისა და ხელოვანის ღვაწლი და მისი შემოქმედების მნიშვნელობა ქართული კულტურისთვის.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა 18 ივნისს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის დაარსების შესახებ განაცხადა. ასევე, ირაკლი კაკაბაძისა და დავით ჩიხლაძის იდეის საფუძველზე, მინისტრის გადაწყვეტილებით, იგეგმება საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნება. მსოფლიოში და საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, სამწუხაროდ, წელს გადაიდო 5-დღიანი ფესტივალის გამართვა. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის მომავალ წელს გამართვა გადაწყვიტეს. აღნიშნული ფესტივალი ხელს შეუწყობს ქართული პერფორმანსის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციასა და ქართული საზოგადოების დაინტერესებას უცხოელი პერფორმერების შემოქმედებით.
ფესტივალში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, ვიზუალური და მულტიმედია არტისტები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.