გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

20-10-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.


თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელებას.


„შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფასდაუდებელი წვლილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან მოკავშირეებისთვის ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესის წარმატებით უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ხავიერ კოლომინამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე თავისი წინამორბედი ჯეიმს აპატურაი შეცვალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930