გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა

21-10-2021

„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.


დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას" ქალაქის განვითარების სწორი ხედვა და მიმართულება გააჩნია.


„ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც საუბრობდა საქმეზე, თბილისზე და თბილისელების გამოწვევებზე. ვსაუბრობდით ასევე, მომავალზე და კონკრეტული რაიონების, უბნების მიხედვით თუ რა პროექტები უნდა განხორციელებულიყო. მეორე მხარეს, აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა თბილისთან დაკავშირებით, არანაირი საარჩევნო პროგრამა, ხედვა არ იყო წარმოდგენილი. ერთადერთი, რაც იყო მათი მხრიდან, ეს იყო სიძულვილის ენა, ბოროტება, შეურაცხყოფა ყოველდღიურად, არამხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ჩემი ოჯახის, მეუღლის, მშობლების, მცირეწლოვანი შვილების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. არავითარ შემთხვევაში, პოლიტიკაში მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტები, თბილისის განვითარებაზე საუბრის ნაცვლად, მისი შეურაცხყოფითა და სიძულვილით იყვნენ დაკავებული.


„ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ, ყველამ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, ცილისწამებას დაბრუნების შესაძლებლობა. ყველაფერი იკადრეს, რაც კი ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს. დაუპირისპირდნენ ყველაფერს, რაც კი ძვირფასი გაგვაჩნია. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ საკუთარ სახელმწიფოსაც დავიცავთ, საზოგადოებასაც, ეკლესიასაც, კულტურასაც, ტრადიციებსაც", - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას.

"ისმის კითხვა, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ კახა კალაძე?! გულწრფელად ვიტყვი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც თბილისში გაკეთდა, ამდენი კარგი პროექტი და საქმე ამ ქალაქისთვის არასდროს გაკეთებულა. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ჩემს უკან დგას 30 000-მდე თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ქალაქს იმისთვის, რომ რაღაც მოაწესრიგონ, გამოასწორონ, რეფორმები განახორციელონ. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. იმიტომ უნდა აირჩიონ კახა კალაძე, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, პროექტები ამ ქალაქთან დაკავშირებით", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.


მისივე თქმით, სამომავლო პროექტებს შორის არის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელთა რიცხვი დედაქალაქში 10 000-მდეა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ამ ქალაქისთვის. ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე, თუმცა, ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ ბათუმში ტრაგედია არ დატრიალდა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა შეურაცხყოფა მომაყენონ და სიძულვილის ენით მელაპარაკონ, მათი მერიც ვიქნები და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, იმიტომ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ამ ქვეყნის შვილები არიან და იმ ყველაფრით, რაც კეთდება, რა თქმა უნდა, ისინიც ისარგებლებენ, მათი შვილებიც და შვილიშვილებიც", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930