21-10-2021
ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფოს აღიარება და გამარჯვება, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, რომლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და ღირსეულად, მტკიცედ დაიცვეს ჩვენი პოზიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა, სააკაშვილის დელეგირებით, მოაწერეს ხელი პრაქტიკულად მოღალატეობრივ რეზოლუციას, ხოლო მოქმედმა მთავრობამ ამის საპირისპიროდ დაამტკიცა ქვეყნის უდანაშაულობა.
„მოსახლეობა გვისმენს და მინდა, გავახსენო ყველას, აგვისტოს ომის დროს როგორ მოიქცა ლაჩარი სააკაშვილი - როგორ მიატოვა ჩვენი გმირი სამხედრო ოფიცრები და თვითონ მიწაზე ფორთხიალით დაამახსოვრა მთელს მსოფლიოს საკუთარი თავი. ეს ერთი. მეორე, აგვისტოს ომის შემდეგ, როგორ „იცავდა" ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ინტერესებს ყოფილი ხელისუფლება - მათ თავად მოაწერეს კაპიტულაციას ხელი. „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა, სააკაშვილის დელეგირებით, მოაწერეს ხელი პრაქტიკულად მოღალატეობრივ რეზოლუციას. ამის საპირისპიროდ ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის უდანაშაულობა, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და აღიარება. აი, ეს არის განსხვავება ჩვენს მთავრობას და წინა მთავრობას შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.