გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკოლის მოსწავლეებს შორის Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო

22-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ვირუსის გამოვლენისთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დროული რეაგირების ამ მექანიზმის გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი.


რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.


კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.


სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.
სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.


თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031