გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორ წარმოგიდგენიათ, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი; იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე

23-10-2021

მე მაგალითი მოვიყვანე, ოზურგეთი და თიანეთი. ამ ორ მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ" წააგო არჩევნები 2017 წელს და ამ ორივე რაიონში იყო სხვა კანდიდატი არჩეული მერი. მას შემდეგ, ორივე მუნიციპალიტეტში არ იყო, რეალურად, გამართული კოორდინაცია სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან, სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე არიან იმ მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მთავრობასთან, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე.


„ცენტრალური მთავრობა მუნიციპალიტეტში, იმ რეგიონში, უამრავ საქმეს აკეთებს. ახლა ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები. ამ პროექტებს კიდევ უფრო გავაათმაგებთ, გავზრდით და გვინდა, რომ ეს მასშტაბები გავზარდოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამაზე ვთქვი, რომ მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე. მე ამაზე ვთქვი, ხალხისთვის უმჯობესია და მე მჯერა ამის, რომ ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელების პარტიას, რომლებიც იყვნენ უკვე ხელისუფლებაში და ჩვენი ქვეყანა დაანგრიეს, ტერიტორიები დაკარგეს, ხალხს როგორ გაუსწორდნენ, ჩაგრავდნენ, კლავდნენ, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდნენ. ამაზეა საუბარი, მე ეს ვთქვი, მხოლოდ ამ ჭრილში. ასევე, აქვე მინდა, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს გავახსენო, რაზე იყო საუბარი მთელი ეს საარჩევნო კამპანია, ეს ე.წ. რეფერენდუმი. მე მინდა მოგიწოდოთ ჟურნალისტებს და მედიას თხოვნით მივმართო, რომ გაიხსენონ და გაახსენონ საზოგადოებას, რა განცხადებებს აკეთებდნენ ეს ადამიანები - იმუქრებოდნენ, რომ ეს რეფერენდუმი ჩატარდებოდა, მოიგებდნენ და ა.შ. თუ არ მოიგებდნენ, ასევე იყო დაპირებები მათი მხრიდან, საინტერესოა, ახლა რას ამბობენ. ჩვენ 47% ავიღეთ და მადლობა ჩვენს ხალხს, ჩვენს გენიალურ, ბრძენ ხალხს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. რეფერენდუმი, რომელიც მათი მხრიდან იყო გამოცხადებული, ეს არის სრულად დახურული საკითხი. მთავარი მინდა ვთქვა, მაშინ, როდესაც ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩავდეთ პირობა, რომ თუ „ქართული ოცნება" არ აიღებდა 43%-ს, მაშინ გაიმართებოდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, სწორედ ამით უგულებელყვეს კონსტიტუცია და მთავარი პრინციპი თვითმმართველობის. რა შუაში იყო მაშინ, მე ვეკითხები ყველას, და მაშინ აღარ გაახსენდათ თვითმმართველობის პრინციპი ზოგადად, იდეა, ცნება. ამაზეა საუბარი, ამიტომ, ორმაგი სტანდარტებით საუბარს და ხალხის დაბნევას შეეშვან. შეეშვან ტყუილების ლაპარაკს. მათ იციან, რომ მარცხდებიან სასტიკად ყველა მუნიციპალიტეტში. კიდევ ვიმეორებ, რომ არავის არ ავარევინებთ ქვეყანას. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, ბოლომდე განეიტრალებული იქნება ეს დესტრუქციული ძალა და მათი ბელადი დიდხანს იჯდება ციხეში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930