24-10-2021
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა გვარამია მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ითანამშრომლებს. მისივე თქმით, სიმართლის დადგენით, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროა დაინტერესებული.
„გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ბატონ გვარამიას ადვოკატთან კომუნიკაცია. იმედია, ხვალ გაიმართება ეს შეხვედრა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც მან გააკეთა. ეს იქნება გადამოწმებული და, იმედია, ის ითანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციასთან. ვფიქრობ, ეს მათ ინტერესშია. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ გავიგოთ სიმართლე. აუცილებლად გავიგებთ და მივაწვდით კიდეც საზოგადოებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება სრულად იქნება დაცული. მანვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალმა ექიმებმა და არა ჟურნალისტმა, იურისტმა ან ნებისმიერმა სხვამ. დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 დაწესებულება ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად და, როგორც ექიმები გვეუბნებიან, ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული პაციენტის მისაღებად და მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომლებიც როგორც ამ კონკრეტული პატიმრის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და, ბუნებრივია, აქ ვერ იქნება გამონაკლისი ვერც მიხეილ სააკაშვილი ამ საერთო პრინციპიდან", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.