26-10-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პროტონული თერაპიის საერთაშოროსო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი განიხილეს და ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიური ჩართვისათვის მზაობა გამოთქვეს.
მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა IBA (IonBeamApplications S.A.), CarlZeiss და RaySearchlaboratories.
კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი დაფუძნდება.
ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.
IBA-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONEsolution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა. დანადგარები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება. პროტონული თერაპიის კლინიკა პირველ პაციენტებს 2024 წელს მიიღებს და იქნება ერთადერთი რეგიონული მასშტაბით, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება.
IBA (IonBeamApplications S.A.) არის გლობალური სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ და დიაგნოსტირებისათვის. პროტონული თერაპია არის რადიაციული თერაპიის თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ფორმა და ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს სიმსივნის მრავალი სახეობისთვის.