27-10-2021
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მოგესალმებით მეგობრებო, თანამებრძოლებო, მხარდამჭერებო, მოგესალმებით ჩვენს მოქალაქეებს,
მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეგკრიბათ.
2012 წელს, აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა, თავიანთი ერთიანობით, საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს.
მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი.
ჩვენი პარტია - „ქართული ოცნება" დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება.
ყველას მინდა მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია.
30 ოქტომბერს ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და წინსვლისთვის გრძელდება.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება. ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე.
ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო - აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება.
ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი.
ჩვენი ოცნებაა საქართველო ძლიერი ქალაქებით, ძლიერი სოფლებით, ძლიერი ოჯახებით.
ჩვენი ოცნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
ამ ოცნებითა და მიზნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს და სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგვცემს ძალას, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის.
30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია, 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ.
30 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, სიძულვილსა და სიყვარულს შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის.
30 ოქტომბერს ერთხელ კიდევ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ.
გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!"- განაცხადა კობახიძემ.