27-10-2021
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო თანამებრძოლებო, მოგესალმებით,
მადლობა პირველ რიგში ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისთვის, გამძლეობისთვის. მე მინდა დავიწყო და ჩემი დღევანდელი გამოსვლა მივუძღვნა ჩემზე უფროს თაობებს და ჩემზე უმცროსებს, ახალგაზრდებს. ჩვენ, ვინც ვართ დღეს აქ, ხელისუფლებაში ზოგმა გადაიარა 40 წელი, ზოგმა 50 წელიწადსაც მივუკაკუნეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმემ კი არ გვიამბო, როგორ მოიპოვა ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა, ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენი თვალით, როდესაც ვიყავით ბავშვები და ახალგაზრდები. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა უფროსმა თაობებმა დიდი გასაჭირი გამოიარეს, ბევრი ბრძოლა გადაიხადეს. ეს ის დრო იყო, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშა, ჰიმნი, არ ჰყავდა ჯარი და გვარდია, არ ჰყავდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიცია, სამაშველო სამსახური. ისინი იბრძოდნენ სუვერენიტეტისთვის, მათ შემოგვინახეს რწმენა, რომელსაც დღეს ებრძვის ბოროტი ძალა. მათ შემოგვინახეს ენა, შემოგვინახეს კულტურა და შემოგვინახეს ჩვენი სამშობლო.
ჩვენი თაობა და ასაკი ასევე ნიშნას იმას, რომ ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ სისხლი, ჩვენი თაობის, ჩვენი ასაკის გოგო-ბიჭების დაღვრილი სისხლი, აი, აქ, რუსთაველზე, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ომებსა და ბრძოლებში დაღვრილი სისხლი. ასეთი ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან მოვდივართ ისინი, ვინც ვართ დღეს ხელისუფლებაში. მადლობა წინა თაობებს, ვინც მოგვიყვანა დღემდე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ, თავისუფლების მოედანზე, ერთად ვმდგარიყავით. მე მინდა შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ, „ქართულ ოცნებას", ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული.
სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან! ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ! დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში ბრძოლაც დამთავრდებოდა, არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები.
მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი პატარა გოგო. რომ არა ბედის უკუღმართობა და მასავით პატარა გოგოები და ბიჭები უკვე საუბედუროდ არის ასეულობით ათასობით ქვეყანაში დევნილი საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან, რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთში, სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ. შაბათს მე მოვუწოდებ ყველა დედას, არჩევნებზე მივიდეთ. ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ არ ბავშვებს დაუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა. შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი. მეორე მხარეს ვართ ჩვენ, დიახ ჩვენ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თუნდაც ერთ მაგალითი კმარა, რომ ეს ძალა დავახასიათოთ „ქართული ოცნების" ხელისუფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს ვერდიქტი, სასამრთლო ვერდიქტი, არა პოლიტიკური განცხადება, არა პოლიტიკური პრანჭიაობა, არამედ ვერდიქტი რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები, ოსები ძმები არიან და რომ ომი არის ცუდი. რომ დევნილები უნდა დავბრუნდეთ, რომ ჩვენი შვილები უნდა დაბრუნდნენ რომ ჩვენი შვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ თანატოლებთან, ამისათვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.
რა კავშირი აქვს ამას შაბათის არჩევნებთან? კავშირი არის მარტივი, იმიტომ რომ ერთ მხარეს არის სიყალბე, ქართველთმოძულეობა, ადამიანთმოძულეობა, ფსევდოევროპელობა და მეორე მხარეს არის გულწრფელი ძალა. სია, თუ რა ვაკეთეთ არის გრძელი, ამისათვის მე დღეს დრო არ მეყოფა, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომლის წინაშე ჩივილსაც თქვენ აზრიანად მიიჩნევთ, ჩვენ დღეს გვაქვს საპატიმრო, სადაც პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია, დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქ ბრძანდება და რომელიც არის ის, ვინც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გახსნა საზღვრები ევროკავშირთან და ნატოსა და ევროკავშირის კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, ეს დაიწყო იმ დიდმა ჯგუფმა ქართველი დიპლომატების, რომელთაგან ზოგი გარდაცვლილია, ზოგი დღეს ასაკშია. აი ეს კაკუნი, ჩვენ ამ პროცესის შედეგი დავაყენეთ და არ დარჩა უბრალოდ კაკუნად. წინ გრძელი გზაა ევროპაში იმ კუთვნილი ადგილის დამკვიდრებამდე, რაც ჩვენ შვილებს ნამდვილად ეკუთვნით.
რა იქნება მომავალში? მომავალში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაზე ორ დიდ მტერს ვებრძოლოთ, რომელიც ყველაზე ძნელი დასამარცხებელია. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. ეს არის ის ორი რეალური მტერი, რომელიც დღეს ჰყავს ჩვენს ქვეყანას. სამი წლის მანძილზე აღარ იქნება არჩევნები, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს ნამდვილად იქნება კონსტიტუციურ ვადებში. ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, ვდგავართ მყარად და შაბათს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად.
მადლობა ყველას, ყველანი მივდივართ შაბათს არჩევნებზე, ვიმარჯვებთ და ვაგრძელებთ შრომას. ის, რაც მე ჩამოვთვალე, ის, რასაც სხვები ჩამოთვლიან, ის სირთულეები, რაც ყველას ოჯახში ტრიალებს, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია, ეს ჩვენი თაობის მძიმე ხვედრია, მაგრამ ეს ის ხვედრია, რომელიც რჩეულთა ხვედრია, ჩვენ ჩვენი შრომით შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს უკეთეს საქართველოს გადავაბარებთ. ღმერთი გფარავდეთ, წინ გამარჯვებისკენ!" - განაცხადა წულუკიანმა.