გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

29-10-2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.


ორი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს კაბალის, განჯალას, უზუნთალას, ზინობიანისა და ლამბალოს სოფლების მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრებზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიულოგიური სიტუაცია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა განიხილეს. იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა დამსწრე საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.


საინფორმაციო შეხვედრებს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად დაიგეგმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


"სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს შეხვედრების ციკლს კოვიდ პანდემიის პრევენციის მიზნით ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ამჯერად მინისტრის წინა ვიზიტის საპასუხოდ, რომელზეც მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირებული იყო სურვილები და გამოკვეთილი იყო სხვადასხვა საჭიროებები, ჩვენ კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან შეხვედრებზე ჩამოვიყვანეთ ბიძინა კულუმბეგოვი. იმუნოლოგი, რომელიც პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას, ამავდროულად, აწვდის ინფორმაციას ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრები ტარდება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით. ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრების ციკლს უკვე სხვა რეგიონებშიც და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თითოეულ დასახლებამდე მივიტანოთ სრულფასოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გაგრძელდეს პროცესები და რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული სხვადასხვა გართულება რეგიონებში,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930