გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: 2022 წლის ბიუჯეტი იქნება აჭარაში მაცხოვრებელი თითოეული ოჯახის შემოსავლების ზრდის, დასაქმების, განათლების, მეტი პერსპექტივის ბიუჯეტი

29-10-2021

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტი წარადგინეს. რესპუბლიკური ბიუჯეტი 21 778 200 ლარით გაიზარდა და უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი - 436 000 000 ლარი იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია ეს იყოს აჭარაში მაცხოვრებელი თითოეული ოჯახის დასაქმების, განათლების, უკეთესი პერსპექტივის და შემოსავლების ზრდის ბიუჯეტი.


„მიუხედავად პანდემიისა, წელსაც ბიუჯეტი იგეგმება ზრდით და ის არის უპრეცედენტო ისტორიულ მაქსიმუმზე. აქ განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი მუნიციპალიტეტების გადასაცემ ტრანსფერს, რომლის საერთო ოდენობა შეადგენს 135 მლნ ლარზე მეტს. ამ დაფინანსების ფარგლებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გაზრდა იგეგმება, რომლითაც ათასობით ამ რეგიონის მაცხოვრებელი ისარგებლებს. ჩვენი მთავარი მიზანია ეს ბიუჯეტი გავხადოთ აჭარაში მაცხოვრებელი თითოეული ოჯახის როგორც დასაქმების, განათლების, უკეთესი პერსპექტივის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოსავლების ზრდის ბიუჯეტი და სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით არის ის დაგეგმილი.


უკვე მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი პროგრამისთვის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" და დაიწყება პირველი 630 ოჯახის დაკმაყოფილება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენი გეგმის შესაბამისად, 2025 წლისთვის ამ დაფინანსების ფარგლებში, მოხდება 3000-ზე მეტი ოჯახის უზრუნველყოფა შესაბამისი თანამედროვე საცხოვრისით. ეს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ყველა ავარიულ სახლის პრობლემას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ქობულეთში. შესაბამისად, უკვე იწყება ბათუმში არსებული გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის დახურვა. ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაუჩენს როგორც ტურიზმის სექტორს, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკოლოგიის და შესაბამისი სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით ჩვენი ბათუმელებისთვის.

დაფინანსების ფარგლებში იწყება სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მხოლოდ ბათუმში და შესაბამისად, სხვა მუნიციპალიტეტებშიც გათვალისწინებულია ამ დაფინანსების ფარგლებში როგორც ბაღების, ასევე სკოლების მშენებლობა.


წლის ბოლოსთვის უკვე ველით, რომ ოცნების ქალაქის პირველი ფაზა დასრულდება 582 ოჯახზე და უკვე მომავალი წლისთვის, მეორე ფაზის განხორციელებისთვის გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი. შესაბამისად, მეორე ფაზაც დაიწყება, მშენებლობა და ყველა იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ამის საჭიროება აქვს.


ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ვიმყოფებით ბათუმის ძალიან გამორჩეულ, უკვე დასრულებულ სპორტულ, მრავალფუნქციურ კომპლექსში. უკვე, რამდენიმე კვირაში დაიწყება ამორტიზებული სპორტკომპლექსის დემონტაჟი და აქ მოხდება აღჭურვა. ყველა ფედერაციას ექნება ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების წინაპირობა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომა სიტყვით გამოსვლისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930