30-10-2021
მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო „ნაცმოძრაობის" გეგმის გამოვლენაში და მორიგი პროვოკაციის პრევენციის საქმეში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სახელმწიფო და ყველა ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანის უფლებას არც ერთ რადიკალს და დესტრუქციულ ძალას არ მისცემენ.
„დღეს ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ ვიხილეთ დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ გეგმავდნენ ქვეყანაში არეულობას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მინდა ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, არის ის, რომ მისი მიზანი იყო არეულობა ქვეყანაში. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის, სიტუაციის არევა და რევოლუციის მოხდენა იყო. მას შემდეგ, რაც ეს მიზანი განუხორციელებელი დარჩა იმიტომ, რომ სააკაშვილი ციხეში აღმოჩნდა, ამის შემდეგ მათ ბუნებრივია ამ გეგმის დამუშავება დაიწყეს. სწორედ ამ საკითხზე ვლაპარაკობდი მე გუშინ და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი გუნდის წევრები, რომ მათი რეალური მიზანი სწორედ ის იყო, რომ რაიმენაირად მომხდარიყო სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, რათა სწორედ ის გეგმა განხორციელებულიყო, რაზეც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ გეგმის გამოვლენაში და ამ მორიგი პროვოკაციის პრევენციის საქმეში. სრული პასუხისმგებლობით მინდა ერთ რამ ვთქვა: დღეს სახელმწიფო და ყველა ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა. ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და არც ერთ დესტრუქციულ ძალას, არც ერთ რადიკალს არ მივცემთ უფლებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანონ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.