1-11-2021
„განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ტურიზმის ინდუსტრიას აღდგენასა და კორონა-ვირუსის პანდემიის გავლენის შესუსტებაში, აგრეთვე სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში," - ასე აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN WTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს მთავრობის ანტიპანდემიურ და ადგილობრივი ტურიზმის მხარდამჭერ პოლიტიკას წერილში, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამოგზავნა.
წერილში დადებითადაა შეფასებული საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა UN WTO - ს მიერ ორგანიზებულ ტურიზმის მომავლის მსოფლიო სამიტზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში და ვრცლად ისაუბრა როგორც პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერის საქართველოს გამოცდილებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებზე.
„უაღრესად ღირებული იყო თქვენი დასწრება მინისტრთა დებატებზე ტურიზმის შესახებ ხალხის, პლანეტისა და კეთილდღეობის მომავალის კუთხით და მადლობას გიხდით თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. თქვენმა გზავნილებმა მოწონება ჰპოვეს როგორც ადგილზე მონაწილეთა შორის, ისე ვირტუალური სივრცის მეშვეობით მთელი მსოფლიოდან ჩართულ მონაწილეების მხრიდან. UN WTO-ში ჩვენ გავაგრძელებთ წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საჯარო და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველვყოთ ტურიზმის სექტორის გრძელვადიანი აღდგენა. ეს ღონისძიება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ, რაც აისახა დოკუმენტში „ბარსელონას მოქმედებისკენ მოწოდება: ტურიზმის ახალი დღის წესრიგისკენ: ხალხისთვის, პლანეტისთვის და კეთილდღეობისთვის" - აღნიშნულია წერილში.
„ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის იმედი ვიქონიოთ ამ დოკუმენტის არსის რეალიზებაში, ტურიზმის ტრანსფორმაციისკენ მიმავალ პროგრესის დაჩქარებაში, ხალხისა და პოლიტიკის შემქმნელების გაძლიერებაში, უკეთესი ტურიზმის ასაშენებლად მომავალი თაობებისთვის. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მომავალ წლებში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი არსებული კავშირები," - აღნიშნულია UN WTO - ს გენერალური მდივნის წერილში.